“ჭკვიანი კამერები” ტელეფონზე საუბარსაც აფიქსირებენ, დარღვევებს, კი კამერებთან მსხდომი ოპერატორებიც ხედავენ”

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა.

მან ჭკვიანი კამერების მუშაობაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარვეზებს და დარღვევებს კამერების გარდა, ის ოპერატორებიც აღნიშნავენ, რომლებიც კამერებთან სხედან.

„რამდენიმე მნიშვნელოვან დარღვევას აფიქსირებენ ჭკვიანი კამერები: ღერძულა ხაზის გადაკვეთას, საპირისპირო ზოლში მოძრაობა, წითელ შუქნიშანზე გავლას და ავტობუსის ზოლში გადაადგილებას. გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპერატორები, რომლებიც სხედან კამერებთან ღვედის გამოუყენებლობას, ტელეფონის საუბარს და ჩაფხუტის გამოუყენებლობასაც აფიქსირებენ. ამიტომ ამიერიდან ვერც ერთ ჯარიმას ვერ ავიცილებთ თავიდან. მოგეხსენებათ, რომ დარღვევის დაფიქსირებითანავე ავტომატურად მოგვდის შეტყობინება მობილურზე. თუ 10 დღის განმავლობაში გადავიხდით ჯარიმას 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. გარდა ამისა, ორჯერ პოსტის გზავნილით მოვა ინფორმაცია მისამართზე და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯარიმის შესახებ ინფორმაცია საიტზე-POLICE.GE განთავსდება.
ამის მიზანი გადახდის უნარიანობის გაუმჯობესება და ყველა მძღოლის მობილიზებაა. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მოგეხსენებათ მართვის მოწმობის ჩამორთმევა გვემუქრება“,-აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 3000 ჭკვიანი კამერა იქნება დამონტაჟებული.

“ეს არის ევროპული მიდგომა. თბილისში 100 ჭკვიანი კამერაა და წლის ბოლომდე კიდევ 7 დიდ ქალაქში დამონტაჟდება. საბოლოოდ საქართველოს მასშტაბით 3000 ჭკვიანი კამერა იქნება. კამერებით დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულები არ ვრცელდება, მხოლოდ ფულადი ჯარიმა იქნება, რაც აქამდე იყო.

არის ასევე მობილური აპლიკაცია და მძღოლებს საშუალება ექნებათ, მუდმივად შეამოწმონ ინფორმაცია დარღვევების შესახებ”,-განაცხადა ეკა ლალიაშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები