ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეექვსე პლენარული სესია დასრულდა

კიევში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეექვსე პლენარულმა სესიამ მუშაობა დაასრულა. პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების მიერ შემუშავებული რეზოლუციები შემდეგ საკითხებზე მიიღეს:

  • ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდობის უმუშევრობის შემცირება
  • ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში მედიის თავისუფლების მდგომარეობა
  • 2015 წლის პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმების განხორცილება ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
  • ქალთა დასაქმების მდგომარეობა შრომით ბაზარზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო ირინე ფრუიძისა და ევროპარლამენტარ იაკობ დალუნდეს (ევროპარლამენტის წევრი, მწვანეთა პარტია) მიერ ერთობლივად მომზადებული რეზოლუცია, რომელიც ახალგაზრდების უმუშევრობის შემცირებას ეხება. ანგარიშში აღნიშნულია ის ღონისძიებები, რომელიც ევროკავშირმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა გაატარონ იმისთვის, რომ დაძლეული იქნას ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გაზრდილი უმუშევრობა ახალგაზრდობაში. ეს ღონისძიებები შეიძლება იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიული განათლების განვითარება და განათლების პროცესიდან დასაქმებულ სეგმენტში გადასვლის გაადვილება ახალგაზრდებისთვის, სპეციალური მომზადების პროგრამები, ასევე, ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობის გაძლიერება და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებას.

მეექვსე პლენარულ სესიაზე ასამბლეამ დაგეგმილი მუშაობის გარდა საგანგებო რეზოლუციები განიხილა. საგანგებო რეზოლუციებში აისახა აღმოსავლეთ ევროპაში არსებული რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და საგარეო საფრთხეები. ასამბლეამ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პოზიციები გაიზიარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შესახებ და საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე სათანადო რეაგირებისკენ.

თამარ ხულორდავამ პლენარული სხდომის მონაწილეებს ახლადშექმნილი ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომის შედეგები გააცნო. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა ახალი, სპეციალური პლატფორმის შექმნას სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, მოლოდოვასა და უკრაინის და ევროპარლამენტისთვის. მან სამუშაო ჯგუფის მიზნებზე, გეგმებსა და მუშაობის მეთოდებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით, ასოცირებული ქვეყნები უკეთ შეძლებენ საკუთარი პოზიციების წარმოდგენას და ლობირებას ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სესია 2018 წელს ბრიუსელში ევროპარლამენტში დაიგეგმა.

თამარ ხულორდავას ინიციატივით, 2019 წელს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები