პრემიერის შეფასებით, საქართველო საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონალურ ლიდერად იქცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველო საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონალურ ლიდერად იქცა.
“მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის“ თანახმად, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი 7 პუნქტით გაუმჯობესდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის“ თანახმად, რომლის ახალი მაჩვენებლები გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო მე-9 ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისივე თქმით, Frazer Institute-ის გლობალური ეკონომიკური თავისუფლების ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მე-8 ადგილზეა მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის.
კვირიკაშვილის განცხადებით, გადასახადების სიმსუბუქის თვალსაზრისით, საქართველო უკვე არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში – მე-8 ადგილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის გადასახადების ჯამური ინდიკატორის თანახმად.
“მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას. განვითარებასა და ახალი სამუშაოების შექმნაში ინვესტირების წახალისების მიზნით, ჩვენ ბიზნესებისთვის გავაუქმეთ მოგების გადასახადი გაუნაწილებელ დივიდენდებზე – ისევ და ისევ, ამ კუთხით, ჩვენ ესტონეთის მაგალითი გავიზიარეთ.
გასული ხუთი წლის მანძილზე საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ბიზნესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების თვალსაზრისით, როგორებიცაა: კორუფციის აღქმის ინდექსი – 38 პოზიციით; საკუთრების უფლების დაცვის მონაცემებით – 74 პოზიციით; სასამართლოს მიუკერძოებლობის თვალსაზრისით – 39 პოზიციით; საბაზრო დომინირების მაჩვენებლის კუთხით – 45 ადგილით; ინვესტიციების საგადასახადო წახალისების ეფექტის თვალსაზრისით – ჩვენი პოზიციები 21 ადგილით გაუმჯობესდა; ხოლო მაკროეკონომიკური გარემოს თვალსაზრისით – 89 ადგილით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს გარდა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ასევე წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უპირატესობას კონკურენტუნარიანობის კუთხით.
“ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადებისა და სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონალურ ლიდერად.
უცხოელ მეწარმეებს ჩვენ ვთავაზობთ კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გასაფართოებლად და რეგიონში გასავრცობად, რაც შეამცირებს მათ საოპერაციო ხარჯებს. საქართველო ასევე სთავაზობს გასასვლელს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალურ აზიაშიც და შემდეგ ორი მილიარდი მომხმარებლის მქონე აღმოსავლეთის ბაზრებზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით და ნორმატიულ წვდომას თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების წყალობით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან.
“ჩვენ ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან და პრეფერენციული რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასა და იაპონიასთან. გარდა ამისა, წელს ჩვენ ვგეგმავთ მოლაპარაკებების დაწყებას ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვავითარებთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს, მათ შორის ახალ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც განლაგებულია ჩინეთიდან ევროპისკენ უმოკლესი მარშრუტის გაყოლებაზე და რომელიც იქცევა აბრეშუმის გზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კარიბჭედ. გარდა ამისა, ამ პროექტის კვალდაკვალ შენდება საგზაო, სარკინიგზო, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სხვა სახის ინფრასტრუქტურა.

ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტის ფარგლებში ორი დღის წინ ჩვენ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან და ყაზახეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელსაც უკვე მოიხსენებენ, როგორც შუა დერეფანს ჩინეთი-ევროკავშირის სატრანსპორტო რუკაზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები