“ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებული და მოწონებული იყო ვენეციის კომისიის მიერ, ოპოზიცია ეწინააღმდეგება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიმდინარეობის პროცესს, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა და ოპოზიციას მოუწოდა, რომ განმარტონ რას ეწინააღმდეგებიან, რადგან ცვლილებები, რომელსაც ისინი ბოიკოტს უცხადებენ, თავის დროზე შეთანხმებული და მოწონებული იყო ვენეციის კომისიის მიერ.
„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა ტესტი ჩააბარა „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს იყო ერთგვარი პლებისციტი და ტესტი იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა დადებითად შეფასებულიყო. მნიშვნელოვანია ის, რას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ცვლილებები, რომელიც თავის დროზე შეთანხმებული იქნა და მოწონებული იყო ვენეციის კომისიის მიერ, ამ ყველაფერს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. რას ეწინააღმდეგებით, 2020 წელს ბლოკების ჩართვას? 2024 წელს ბონუსის გარეშე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას? აღმსარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს? საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ თემებს? ეს ყველაფერი დემოკრატიის განვითარებისთვის არის და თუკი ეს ცვლილებები ვინმეს უნდა აწყობდეს, ოპოზიციას უნდა აწყობდეს, რადგან დემოკრატიული განვითარების მთლიან სპექტრს ქმნის. საკითხის შინაარსი არც კი ესმით და საერთო სურათის შექმნას ცდილობენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის დემონიზება მოახდინონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. შავი პიარი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყისში ოპოზიციურმა სპექტრმა დაიწყო და სამწუხაროდ, ამ პროცესში ქვეყნის პრეზიდენტი მონაწილეობდა, ფიასკოთი დასრულდა, რადგან ქვეყანას კარგი კონსტიტუცია აქვს. ქვეყანას კარგი კონსტიტუცია ექნება, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები