პრემიერი: საქართველო სამიტს მომზადებული ხვდება, ჩვენ შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საქართველო სამიტს მომზადებული ხვდება ჩვენ შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ესტონელი მეგობრების მხრიდან მხარდაჭერასა და თანადგომას.

„თქვენი თბილისში ჩამობრძანება ძალიან სასიამოვნოა. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა პატივსაცემ დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტისათვის – ეს ხაზს უსვამს ჩვენი ურთიერთობების სიღრმესა და მასშტაბს.

ესტონეთი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, განვითარებისა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერი. თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მხარდაჭერას, რადგან ამჟამად, ესტონეთი ევროკავშირის პრეზიდენტი-სახელმწიფოს ფუნქციას ასრულებს და ამავდროულად, გვიახლოვდება უმნიშვნელოვანესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. საქართველო სამიტს მომზადებული ხვდება. ჩვენ შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. ეს ჩვენი ერის თავდადებისა და ჩვენი მეგობრების ურყევი მხარდაჭერის შედეგია – მათ შორის აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის არა უდიდესი, არამედ უძლიერესი მხარდამჭერი – ესტონეთი. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი ესტონელი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასა და თანადგომას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის მანძილზე საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

დღეს დილით ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად ორმხრივი შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ იმ სფეროების ფართო სპექტრი, რომელთა ფარგლებშიც წარმატებით ვთანამშრომლობთ, და რაც ყველაზე მთავარია, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ერთიანი ხედვა საერთო მომავალთან დაკავშირებით და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს აქ შეიკრიბნენ წამყვანი ესტონური კომპანიების წარმომადგენლები და მათი ქართველი კოლეგები, რომელთაც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული აუთვისებელი პოტენციალის გამოყენების და მნიშვნელოვანი ბიზნეს შესაძლებლობების შესწავლის სურვილი“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ესტონეთი დიდი წარმატების მაგალითია. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო არა მხოლოდ ესტონური ინვესტიციების და ნოუ-ჰაუს მოზიდვას, არამედ მისი ხედვის ადაპტირებასაც შეძლებს.

„ესტონეთი ნამდვილად დიდი წარმატების მაგალითია – ის იმედს უნერგავს მრავალ განვითარებად ქვეყანას. სულ რაღაც ოც წელიწადში ეს პატარა სახელმწიფო მწირე რესურსებითა და სავალალო საბჭოთა მემკვიდრეობით იქცა გლობალური დემოკრატიისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მოთამაშედ და გლობალურ ლიდერად თავისი ღიაობისა და ინოვაციების წყალობით. თავისი მიზანმიმართულებით, სამუშაო ეთიკითა და სიმტკიცით, ესტონეთმა საყოველთაო პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა, როგორც მისაბაძმა მაგალითმა ბევრი ჩვენგანისთვის. შესაბამისად, გამოვთქვამთ იმედს, რომ შევძლებთ არა მხოლოდ ესტონური ინვესტიციების და ნოუ-ჰაუს მოზიდვას, არამედ მისი ხედვის ადაპტირებასაც.

ისევე, როგორც ესტონეთი, საქართველოც პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, რომელიც სტრატეგიულად არის განლაგებული ევროპისა და აზიის სავაჭრო გზაჯვარედინზე. 2014 წელს ჩვენ მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) გაფორმება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ევროპული მიზნისკენ.

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენ. ჩვენ ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს დემოკრატიას და ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები