„მრავალფეროვანი საქართველოს” ფარგლებში ბოლნისში ღონისძიებები გაიმართა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გრძელდება პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო, რომლის ფარგლებში დღეს ბოლნისში ღონისძიებები გაიმართა.
ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში შეკრებილ მოსწავლეებსა და პედაგოგებს დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთან მაკა ელბაქიძესთან, ასევე მწერლებთან: გიორგი კეკელიძესა და ოქტაი ქაზუმოვთან შეხვედრის საშუალება მიეცათ. პროექტის ფარგლებში სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას საინეტერესო ლექციები წაუკითხეს ილია ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ.
ბოლნისის ბიბლიოთეკის დარბაზში ასევე გაიმართა ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფრანი“ ჩვენება.
პროექტის ფარგლებში ბოლნისის კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც მოხდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხუთენოვანი წიგნის წარდგენა, ასევე გიორგი კეკელიძის წიგნის „გურული დღიურები“ აზერბაიჯანულენოვანი თარგმანის, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.
დღევანდელი ღონსიძიებები ნეკა სებისკვერაძის კონცერტით დაგვირგვინდა.
პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.