თენგიზ უთმელიძის ფოტონამუშევრების გამოფენა – „ტრიუმფატორები“ გაიხსნება

50 წელი გავიდა სუხიშვილების ანსამბლის „ლა სკალაში“ ტრიუმფალური გამოსვლებიდან.  27 ოქტომბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიხსნება ანსამბლის ულამაზესი სოლისტის, ცნობილი მოცეკვავე-მსახიობის, ჟურნალისტის, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრის – თენგიზ უთმელიძის ფოტონამუშევრების გამოფენა „ტრიუმფატორები“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ექსპოზიცია მილანის “ლა სკალაში” სუხიშვილების ტრიუმფალური გამოსვლის 50 წლისთავს ეძღვნება, აგრეთვე – იმ სენსაციურ ეპიზოდებს, რაც მის წევრებს იტალიაში თავს გადახდათ.
თენგიზ უთმელიძე 1957 წელს, მოსკოვის სტუდენტთა და ახალგაზრდობის მე-6 ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ, ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა მიიწვიეს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში მსახიობ-მოცეკვავედ. თენგიზ უთმელიძე „სუხიშვილებში“ ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წამყვან სოლისტად და პროფესიონალ მოცეკვავედ. გამორჩეულია მისი სოლო პარტიები ცეკვებში: „ხევსურული სუიტა“, „ხორუმი“, „ჯეირანი“, „წყაროსთან“, „დავლური“, „ხონგა“, „ლელო“ … განსაკუთრებული აღიარება და პოპულარობა მოუტანა ცეკვა „ქართულმა“, რომელსაც ბრწყინვალედ ასრულებდა ლეგენდარულ ნინო რამიშვილთან ერთად. თენგიზ უთმელიძის ცეკვა გამოირჩეოდა დახვეწილი არტისტიზმით, შესრულების მაღალი კულტურით, სცენური გარდასახვის უნარით, კეთილშობილებითა და ტემპერამენტით.
თენგიზ უთმელიძემ „სუხიშვილებში“ ჩვიდმეტწლიანი მოღვაწეობისას დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა. მან შესანიშნავად შეუხამა ერთმანეთს ინჟინრისა და ჟურნალისტის პროფესია. მის მიერ უცხოეთიდან ოპერატიულად გამოგზავნილ წერილებსა და ფოტორეპორტაჟებში აისახა ანსამბლის ტრიუმფალური გამოსვლები საზღვარგარეთ. თენგიზ უთმელიძემ შექმნა „სუხიშვილების“ შემოქმედებითი მოღვაწეობის უნიკალური ფოტომატიანე, რომელიც წარმატებით გამოიფინა საქართველოს მრავალ ქალაქში, მათ შორის 2011 წელს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში. გადაიღო დოკუმენტური ფილმები 1970 წელს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში „სუხიშვილების“ ტრიუმფალური გასტროლების შესახებ. ქართული კულტურის თემაზე დაწერა და გამოქვეყნა 200-ზე მეტი წერილი, სტატია, ნარკვევი, ნოველა… გადაღებულია ქართულ მხატვრულ ფილმში „ეთერის სიმღერა“. 1967 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები