ქუთაისის N 64-ე უბანზე 5 ბიულეტენი გაბათილდა
ქუთაისის N 64-ე უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენი საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე მოათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.
კომისიის წევრებმა საკონტროლო ფურცელი სწორედ ამის შემდეგ ჩააგდეს, თუმცა, ფურცელს შევსების დრო არ ჰქონდა მითითებული. ამის შემდეგ, ყუთში კიდევ 4 ამომრჩევლის ბიულეტენი მოხვდა.
მომხდარ ფაქტზე უბანზე სამი საჩივარი დაიწერა. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე საჩივარი “საიას”, “სამართლიანი არჩევნების” და “ინსტიტუციური განვითარების ცენტრის” წარმომადგენლებმა დაწერეს.
64-ე უბნის თავმჯდომარის, ინგა კვესაძის განცხადებით, მომხდარი შემთხვევითობას უკავშირდებოდა. მომხდარის შესახებ ინგა კვესაძემ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს აცნობა. ადგილზე მოსული კომისიის წევრებმა ხმის პროცესი შეწყვიტეს, ყუთი გახსნეს, 5-ივე ბიულეტენი, საკონტროლო ფურცელთან ერთად, დალუქეს და ბათილად ცნეს. N 64-ე უბანზე ხმის მიცემა მხოლოდ ამის შემდეგ განახლდა.