“გიორგი კალანდარიშვილი თავის სამუშაო კაბინეტში მუშაობს, შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის მიმალვაში იმყოფება, არის სიცრუე” – ნათია იოსელიანი
“ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად”, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს სასამართლოებში საჩივრების განხილვის პროცესი და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, შემდეგ ჩაინიშნება სხდომა ცესკოში.
„იცით, რომ, სასამართლოში საჩივრების განხილვის შემდეგ, საოლქო-საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ამის შემდეგ იქნება შესაბამისი კანონით დადგენილი პროცედურები და ბოლოს იქნება უკვე ცესკო-ს სხდომა, სადაც საპარლამენტო არჩევნები შეჯამდება. სხდომები კანონმდებლობის შესაბამისად გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით არ და ვერ იმოქმედებს.
საარჩევნო ადმინისტრაციის ერთადერთი ინტერესი იყო, არის და იქნება ის, რომ საარჩევნო უბანზე ფუნდამენტური პრინციპები დაცული იყოს. ამას აკეთებდა საარჩევნო ადმინისტრაცია გასულ წლებში, ამას აკეთებდა ახლაც და მომავალშიც იმავეს გააკეთებს. არცერთ შემთხვევაში არ დაარღვევს ცესკო კანონს, რაც არ უნდა პოლიტიკური დღის წესრიგი იყოს, არ და ვერ!
გიორგი კალანდარიშვილი არის აქ, თავის სამუშაო კაბინეტში მუშაობს, შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის მიმალვაში იმყოფება, არის სიცრუე”, – განაცხადა იოსელიანმა.