კახა კალაძე ოპოზიციის გეგმებზე: ვხედავთ, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და ვინ არიან, თუმცა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყველას აქვს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში, კანონის ფარგლებში, აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყველას აქვს.

„ვხედავთ, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და ვინ არიან, თუმცა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ქვეყანაში, სხვადასხვა ფორმით, ნებისმიერი პარტია იქნება, კონკრეტული პიროვნება თუ რაიმე დაჯგუფება, ყველას აქვს. მთავარია, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში იყოს. ოპოზიციის ეს კონკრეტული განცხადებებიც მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომელსაც ოპოზიცია აპროტესტებს, თბილისის მერი პასუხობს, რომ მათ რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, არჩევნებში მარცხი კი ყველას დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა.

„რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია. ცდილობენ, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, იმიტომ, რომ მთელი კამპანიის განმავლობაში საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ იგებდნენ, კარგი პოზიციები ჰქონდათ, გაყალბებულ კვლევებს აჩვენებდნენ, გაყალბებული ეგზიტპოლები წარუდგინეს საზოგადოებას. შემდეგ გამოვიდნენ და ყველას და ყველაფერს დააბრალეს არჩევნების წაგება. ხალხს ლანძღავდნენ, თავიანთ ამომრჩეველს, „ჯენზის“ აყენებდნენ შეურაცხყოფას, თითქოს, ახალგაზრდებმა წააგებინეს არჩევნები. საკუთარი თავის გარდა, ყველას და ყველაფერს დააბრალეს. თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ, სანამ პროკურატურაში მიიტანენ, ხალხსაც აჩვენონ და წარუდგინონ, იქნებ საზოგადოებამ ნახოს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები