კრიზისების მართვის საბჭომ ტაჯიკეთის დელეგაციას უმასპინძლა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი სვანაძე, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავდაცვისა და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მანუჩეხრ ჰოლმათზოდას შეხვდა.
ტაჯიკეთის დელეგაცია საქართველოში საზღვრის მართვის სფეროში ქართული გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფება.
გიორგი სვანაძემ სტუმრებს საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგია გააცნო, ასევე აღნიშნულ სფეროში ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა, ეროვნულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის, მისი იმპლემენტაციის და მონიტორინგის მექანიზმების შესახებ ისაუბრა.
სტუმრებმა თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოს მხრიდან მათთვის საექსპერტო დახმარების აღმოჩენის სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ჭულუხაძე და ამავე დეპარტამენტის მრჩეველი ილია მაისაშვილი.