მიხეილ ჯანელიძემ პოლონურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს პოლონელ კოლეგას, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა, სადაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რაც მისი თქმით, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და მტკიცდებოდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო ეტაპობრივად უახლოვდება ევროკავშირს, რაც ხორციელდება ევროკავშირისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის მხარდაჭერით.

„ღრმად გვწამს, რომ ეს პარტნიორობა, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენსა და პოლონეთს შორის და ეს მხარდაჭერა, რომელიც არსებობს, ჩვენ კიდევ უფრო ახალ პერსპექტივებს გაგვიხსნის ინტეგრაციის კუთხით და ჩვენი საბოლოო მიზანი, რაც არის ევროპულ ოჯახში ჩვენი წევრობა, არის მაქსიმალურად მხარდაჭერილი ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას პოლიტიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში.

მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით გამოჰყო აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა 34%-ით არის გაზრდილი.

მინისტრის თქმით, ორი ქვეყნის პოტენციალის გათვალისწინებით, კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნესებს შორის თანამშროლობის მიმართულებით. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ხალხთაშორის ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ პირდაპირი რეისები ხელს უწყობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ამას კი მოწმობს 20 %-ით გაზრდილი პოლონელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში.

მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთ-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში დადებითად შეაფასა „თბილისის კონფერენციის” ფორმატი, რომელიც ემსახურება ორ ქვეყანას შორის სექტორალური თანამშრომლობის გაღრმავებას და ინფორმაციის გაცვლას. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის რიგით მეორე სხდომა გუშინ თბილისში  გაიმართა და ინფრასტრუქტურის საკითხებს დაეთმო.

მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავი და ხაზი გაუსვა ამ პერიოდის განმავლობაში მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებს. მან მადლობა გადაუხადა ქართველ და პოლონელ დიპლომატებს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები