პრემიერ-მინისტრი NDI-ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი NDI-ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე, დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე, მედიათავისუფლების მაღალ ხარისხსა და საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრეს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდი იყო, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება და უზრუნველყოფილი იყო თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიაზე, რაზეც კანდიდატთა უპრეცედენტო დებატებიც მოწმობს.
გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა და გამოთქვა რწმენა, რომ 21 ოქტომბრის არჩევნები ამის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.
შეხვედრისას, ასევე საუბარი შეეხო წინასაარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების გამორიცხვას. აღინიშნა, რომ წარსულში დამკვიდრებული მსგავსი პრაქტიკა დასრულებულია და ცალკეულ შემთხვევებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება ხდება.
მხარეებმა ასევე ყურადღება დაუთმეს საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას უწყობს ხელს და ქმნის საფუძველს, რომ მომავალი პარლამენტი კიდევ უფრო მრავალპარტიული და პლურალისტური იყოს.
NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმდინარე წლის ზაფხულში NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
მათი განცხადებით, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მუდმივი დაკვირვება საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად, რომელთანაც NDI თანამშრომლობს და მომავალში ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს.