მამუკა მდინარაძე: ამ დროისთვის, რაიმე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსიები გამოკვეთილი არ არის
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, გამოძიების შედეგებს დაელოდონ.
„ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი კონკრეტული პოზიცია გამოხატოს ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას იმისათვის, რომ ვინმემ პოლიტიკური სპეკულაციები არ დაიწყოს.
ამ დროისთვის, რაიმე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსიები გამოკვეთილი არ არის, თუმცა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს და აუცილებლად უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
რა თქმა უნდა, ფაქტი არის ძალიან ცუდი, მაგრამ სანამ არ გაირკვევა რეალური ვერსიები, წინასწარი შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. აუცილებელია, პასუხი გაეცეს კითხვას, უკავშირდება თუ არა მომხდარი არჩევნებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.