„კახა კალაძე კომპეტენციით გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე მისი კონკურენტები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან“

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კომპეტენციით გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე მისი კონკურენტები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
მისი თქმით, კახა კალაძემ ზუსტად იცის, რას ამბობს, სად მიდის და რა უნდა გააკეთოს.
„თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებ, რომ მას ახასიათებს შეუპოვრობა, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და ქვეყნისადმი ერთგულება, რაც მისი ცხოვრების მანძილზე არაერთხელ გამოჩნდა. სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ თბილისელებმა აუღელვებლად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ხმა 21 ოქტომბერს სწორედ სახელისუფლო გუნდის კანდიდატს უნდა მისცენ და თბილისის შემდგომი განვითარება კახი კალაძეს ანდონ, დააკისრონ,- აცხადებს ნუკრი ქანთარია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ მოახლოვებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოს მოსახლეობამ საკმაოდ სერიოზული არჩევანი უნდა გააკეთოს და მერების, საკრებულოს წევრების არჩევისას იმ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი, ვინც კონკრეტულ თვითმმართველ ერთეულს უფრო მეტ სიკეთეს გაუკეთებენ, ბევრ აუცილებელ და საჭირო პროექტს განახორციელებენ და მოსახლეობაში არსებულ პრობლემებს მოაგვარებენ.
„ზეგ საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვის დააკისრებს პასუხისმგებლობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ვინ იქნებიან არჩეულები მერებად და საკრებულოს წევრებად. იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეები არ აიცილებენ ვალდებულებას და განურჩევლად პოზიციისა, საარჩევნო უბნებზე მივლენ და თავისუფლად, გულისა და გონების კარნახით თავის პოზიციას გამოხატავენ“, – აღნიშნავს ნუკრი ქანთარია. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, საარჩევნო მარათონი მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა და ყველას ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. ამ პროცესში კი, ქანთარიას თქმით, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ უპირატესობა კვლავ საგრძნობია და რომ მისი ალტერნატივა არც ამ არჩევნებზე ჩანს. „ვფიქრობ, თბილისელებმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა შემოხაზონ ციფრი 41, ხმა მისცენ მმართველი გუნდის კანდიდატს, რათა მას პირველივე ტურში მივცეთ მანდატი და დავაკისროთ ის დიდი ტვირთი, პასუხისმგებლობა, რომლის ასაღებად და სატარებლად კახი კალაძე მზადაა. იმედია, ასეც მოხდება, რადგან ცხოვრებისეული ლოგიკა და რეალური ვითარება ამას გვკარნახობს“, – აცხადებს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები