მიხეილ ჯანელიძე დიდიე რეინდერს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მხარეებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ოცდახუთი წლის თავზე ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები დადებითად შეაფასეს, როგორც ორმხრივ ისე, რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბელგიას წლების განმავლობაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და რეფორმების განხორციელების კუთხით აღმოჩენილი თანადგომისთვის.

საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, ასევე საქართველოში ბელგიური ბიზნეს დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტის შესახებ ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც ბელგიის ბიზნესწრეების წარმომადგენლები საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესშესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან. აღინიშნა თანამშრომლობის შესაძლებლობები ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკის, მწვანე ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს შეუძლია ბევრი საინტერესო  პროექტის შემოთავაზება თქვენი ბიზნესწრეებისათვის, რაც სარგებელს მოუტანს არა მარტო ჩვენს ქვეყნებს, არამედ ევროპას”,- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

დიდიე რეინდერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ბელგიის ურყევ მხარდაჭერას და გამოხატა ინტერესი აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები