„წინანდლის პრემია 2017“-ის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო

„წინანდლის პრემია 2017“-ის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.
წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.
„წინანდლის პრემია“ დაფუძნდა 1999 წელს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ინიციატივით. პრემია ენიჭებათ ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს, წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის.
2017-ის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება წარმოებს 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე.
პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ხალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს 2017 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა, პოეზია), მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზითა და 4 000- ლარიანი ფულადი პრემიით. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და გალაკონცერტი შედგება 11 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
2014 წლიდან დღემდე პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით და ზურაბ ჟვანიას სახელობის ფონდის მხარდაჭერით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი, აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, უნდა წარადგინონ ზურაბ ჟვანიას ფონდში შემდეგ მისამართზე: თბილისი, შარტავას ქ. N18 (სამუშაო საათები: 12:00 -19:00).
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
წინანდლის პრემიის საინფორმაციო ვიდეორგოლი:

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები