ირაკლი ბუგიანის პროექტი – „ლურჯი გვირაბი“ მოძრავი გალერეის ექსპერიმენტულ სივრცეში იქნება წარმოდგენილი

 ირაკლი ბუგიანის პროექტი „ლურჯი გვირაბი“ მოძრავი გალერეის ექსპერიმენტულ სივრცეში, „ისთ ფოინთის“ ტერიტორიაზე იქნება წარმოდგენილი.
გერმანიაში მცხოვრები თანამედროვე ქართველი არტისტის ეს პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და „ისთ ფოინთის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, Project ArtBeat-ის მიზანია ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და საქართველოს რეგიონებში კულტურული აქტივობების მხარდაჭერა.

სამუშაო საათები: 21 ოქტომბერი, 14:00-21:00;  22, 28, 29 ოქტომბერი, 12:00-21:00;  24-27 ოქტომბერი, 16:00-21:00.
მისამართი: Project ArtBeat-ის მოძრავი გალერეა, „ისთ ფოინთი“, ალ. თვალჭრელიძის ქ. 2, თბილისი.

„ლურჯი გვირაბი“

ირაკლი ბუგიანი სპეციალურად მოძრავი გალერეის სივრცისთვის შექმნილ ინსტალაციას წარმოადგენს. სარკეების, ლითონის, ხისა და განათებისაგან შექმნილი ობიექტის ნახვისას დამთვალიერებელი სიურეალისტურ სამყაროში ხვდება. კალეიდოსკოპის პრინციპით შექმნილი ობიექტი მეტაფორულად სამყაროს მრავალფეროვნებასა და, ამავდროულად, მის ერთიანობაზე, მატერიალურ და არამატერიალურ სტრუქტურებს შორის საზღვრებზე მიგვანიშნებს.

ირაკლი ბუგიანი

დაიბადა თბილისში, სადაც 2001 წელს დაასრულა სწავლა თბილისის სახმატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების მიმართულებით. შემდეგ სწავლობდა რუანის სახვითი ხელოვნების სკოლაში, საფრანგეთში; კარლსრუეს სახვითი ხელოვნების აკადემიაში მიიღო მაგისტრისხი, 2010 წელს სწავლა დაასრულა დიუსელდორფის ჰაინრიჰ ჰაინეს უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის მიმართულებით.
არტისტი მუშაობს ფერწერის და კოლაჟის მედიაში. მის ნამუშევრებში ასახულია არქიტექტურის ინტერიერი და ექსტერიერი ადამიანების გარეშე. აბსტრაქტული გამოსახულება იქმნება ხეთის საღებავის უხეში მონასმებით ტილოზე, რომელიც კომბინირებულია აპლიკაციასთან. ნამუშევრები დაუსრულებლის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმპრესიონისტული ლანდშაფტები და ზღვის ხედები, წაშლილი პორტრეტები უკავშირდება გამოგონილი და ისტორიული მოგონებების კვლევას. ნამუშევრების სიუჟეტი და მუშაობის სტილი არღვევს წესრიგს და ორაზროვან, გაურკვეველ შეგრძნებას იწვევს.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები: 2016 – „ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში“, Project ArtBeat-ის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო; 2015 – Heritage („მემკვიდრეობა“), Rich Mix, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 – AT388, როტერდამი, ნიდერლანდები; 2013 – „მემკვიდრეობა“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო; 2013 – „ჯილდო“ – Kunstpreis Junger Westen 2013, კარლსრუე, რექლინგჰაუზენი, გერმანია; 2012 – Post Coitum Omne Animal Triste Est, Damenundherren e.V., დიუსელდორფი, გერმანია; 2011 – Zwischen Gestern und Morgen, Gallery 10, კარლსრუე, გერმანია.

ირაკლი ბუგიანი ცხოვრობს და მუშაობს დიუსელდორფში, გერმანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები