ლევან დავითაშვილი: საქართველოში ფაროსანა აფხაზეთიდან შემოვიდა

„საქართველოში ფაროსანა აფხაზეთიდან შემოვიდა“ – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მავნებლის გავრცელების ორი ეპიცენტრი არსებობს – საქართველო და ჩრდილოეთ იტალია. მისივე ინფორმაციით, საქართველოში მავნებელი აფხაზეთიდან შემოვიდა.
„რაც შეეხება საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებებს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე მეტი გააკეთა, თუ რომელიმე ხელისუფლებას სადმე გაუკეთებია ამ მავნებელთან ბრძოლის კუთხით. ფაროსანას ამერიკა 15 წელზე მეტია ებრძვის. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება და ამ ერთმა წელმა მოგვცა მდიდარი ბაზა იმისა, რომ მომავალ წლებში უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ მავნებელს. ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის გამოწვევა და პრობლემა“,- განაცხადა მინისტრმა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგია აქვს მომზადებული, დაფუძნებული ზუსტად იმ ინფორმაციაზე, რაც ამ პერიოდის მანძილზე დაგროვდა. დავითაშვილის განმარტებით, ის რჩევები, რაც მიიღეს წამყვანი ესქპერტებისგან, ბოლომდე თანხვედრაში არ იყო იმ ბიოლიოგიასთან, რაც მავნებელმა გამოიჩინა საქართველოს კლიმატში და პირობებში.
„ამ გამოწვევის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ აუცილებელია ინფორმაცია მივიტანოთ მოსახლეობამდე და ერთად ვებრძოლოთ ამ მავნებელს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი ფაროსანასთან ბრძოლა. ზარალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია წლის ბოლოს გვექნება“,- აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები