აფხაზეთში გმირულად დაღუპული კასპელი გოჩა თათრიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
საქართველომ 24 წლის შემდეგ, 17 ოქტომბერს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთში უგზო – უკვლოდ დაკარგული და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტების მიერ დახვრეტილი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს და სპეცდანიშნულების რაზმის წევრები დაკრძალა. მათ შორისაა კასპელი გოჩა გურამის ძე თათრიშვილი. თანამებრძოლებთან ერთად მან სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა და იცავდა საქართველოს ერთიანობას და დამოუკიდებლობას. გმირების დაკრძალვას სრულიად საქართველოს წარმომადგენლობა ესწრებოდა, რომელთაც პატივი მიაგეს მათ ბრძოლას და თავგანწირვას.
„გოჩა თათრიშვილის და მისი თანამებრძოლების სახელი უკვდავია, თითოეული ჩვენთაგანი მოვალეა გმირების სახელი სამარადისოდ ვადიდოთ და არ მივეცეთ დავიწყებას”, – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.