თბილისში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა – დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

თბილისში გაზგასამართ სადგურზე, აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. „კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევა ისან-სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 3 დაშავებულიდან 2 დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, ხოლო ერთ-ერთმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. მას ექიმთა ბრიგადამ სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარა.
„კვირა“ დამწვრობის ცენტრსაც დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში 2 პაციენტი მიიყვანეს.
„კლინიკაში 62 წლის მამაკაცი შემოიყვანეს, რომელსაც აფეთქების შედეგად, სხეულის 50 პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ტანის ზედა და ქვედა კიდურების დამწვრობა აღენიშნება, რაც შეეხება მეორე პაციენტს, იგი 51 წლისაა, მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. მან სხეულის 7 პროცენტიანი დამწვრობა მიიღო“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები