გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის ახალი რედაქციით მიღებას ულოცავს

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის ახალი რედაქციით მიღებას ულოცავს. როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
„ეს არის თანამედროვე, დასავლური ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დოკუმენტი, რომელიც უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, პროგრესის, სტაბილურობის და ევროპული მომავლის შემდგომ გარანტად. თითოეულმა ადამიანმა, ვინც მონაწილეობა მიიღო ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ვინც მხარი დაუჭირა დემოკრატიას და ხელისუფლების დანაწილების პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუციის მიღებას, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და სტაბილურ განვითარებას. მინდა მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო პროცესის მონაწილე ყველა მხარეს, საკონსტიტუციო კომისიის თითოეულ წევრს და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში, ჩართული იყვნენ საკონსტიტუციო ცვლილებების ფორმირების პროცესში.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ვენეციის კომისიას, რომელმაც ჩვენთან ერთად დიდი შრომა გასწია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ფორმირებაში. ვენეციის კომისიამ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს ეფუძნება. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ძლიერდება ოპოზიციის როლი და შესაძლებლობები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა მისწრაფებები და ღირებულებები ასახულია ქვეყნის მთავარ კანონში და დავარწმუნო ისინი, რომ ჩვენ მიერ დემოკრატიის განმტკიცებისა და განვითარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი მათ უკეთეს ხვალინდელ დღეზე აუცილებლად აისახება“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები