გამოფენა – „შინაარსი მიუწვდომელია“ გაიხსნება
12 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „დედიკას გალერეაში“ მხატვარ მანუჩარ ოქროსცვარიძის გამოფენა “შინაარსი მიუწვდომელია” გაიხსნება.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტში „შინაარსი მიუწვდომელია“ – „Content Unavailable“ გაერთიანებულია მხატვრის მიერ ბოლო 2 წლის მუშაობის შედეგად შექმნილი ნამუშევრები. ფერწერა, ტექსტი, ნახატი წარმოდგენილია, არა როგორც დამოუკიდებელი არტობიექტები, არამედ კონცეპტუალური არტობიექტების, ინსტალაციების ელემენტები. ობიექტები, რომლებსაც სათაურები და განსაზღვრული შინაარსები არ გააჩნია, მინიშნებების როლს ასრულებენ მაყურებლისთვის და გათვლილია გამოსახულების მიღმა არსებული შინაარსის შეგრძნების აღძვრაზე.
პროექტის მესიჯი შემდეგია: „ხელოვნების ნაწარმოების სრულად „წაკითხვა“, ან მაყურებლის ინტერპრეტაციის სრული დამთხვევა თავად ხელოვანის ინტერპრეტაციასთან შეუძლებელია, რადგან არტეფაქტი ხელოვანის ინდივიდუალური, უნიკალური ფსიქოინტელექტუალური გამოცდილების პროდუქტია, რომელიც შეუძლებელია, მაყურებლის გამოცდილებას სრულად ემთხვეოდეს“.
მანუჩარ ოქროსცვარიძე – დაბ.1974 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი; არტსცენაზე 1990-იანების ბოლოს გამოვიდა. აქტივობის სფერო – ფერწერა, გრაფიკა, ინსტალაცია, დიზაინი, გამოყენებითი ხელოვნება და იკონოგრაფია. ხელოვანი ქართული თანამედროვე არტპროცესების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. 2010 წლიდან მისი ძირითადი მიმართულებაა არტობიექტები, ინსტალაცია და მინიმალისტური ნახატი, რომლებსაც თავად ესთეტიკურ იდეოგრაფიებად ან მოკლე ვიზუალურ მესიჯებად აფასებს. მონაწილეობს ლოკალურ და საერთაშორისო გამოფენებში 1996 წლიდან. 2008-2009 წლებში იყო ერთერთი პირველი სახელოვნებო კრიტიკული ჟურნალის – “შთაბეჭდილება” დამფუძნებელი. არის არაკომერციული ორგანიზაცია “თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის ცენტრის“ დამფუძნებელი.