პროფესიულ განათლებაში ახალი პროგრამები ამოქმედდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული ტექნიკური გადამზადების ცენტრი, სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებულ ახალ პროფესიულ პროგრამებზე პირველ სტუდენტებს მიიღებს.
სტუდენტები ცენტრში დაეუფლებიან თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიებს მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსის, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის, მექატრონიკის ტექნიკოსისა და სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსის მიმართულებით. ყველა პროგრამა შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და წარმატებული კურსდამთავრებულები, პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ გერმანულ სერტიფიკატს მიიღებენ, რომელიც გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაიცემა.
თეორიული კურსის პარალელურად, სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში დაეუფლებიან და სასწავლო პრაქტიკას საქართველოს ბაზარზე მოქმედ წამყვან კომპანიებში გაივლიან. სწავლების პროცესი მორგებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირების მოთხოვნებზეც. ტექნიკური გადამზადების ცენტრის კურსდამთავრებულები წარმატებით დასაქმდებიან ენერგეტიკის და კომუნიკაციის სფეროში, მანქანათმშენებლობის სექტორში, მსუბუქ, კვების მრეწველობაში და სხვა.
ტექნიკური გადამზადების ცენტრის რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ხოლო თანამედროვე გერმანული ლაბორატორიებით აღჭურვა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ პროექტის დაფინანსებით, BP საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.
ახალი პროფესიული პროგრამების პრეზენტაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აქტუალობასა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები