ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს

ბუქარესტში,  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სხდომაზე, ალიანსის ქვეყნების დეპუტატებმა რეზოლუციას „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში” განიხილეს და კენჭი უყარეს.

დოკუმენტის თანახმად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ამ ტერიტორიების მილიტარიზაციის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. ასევე,  გმობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს და რუსეთის მიერ ნატო-ს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობებს.

რეზოლუციაში აღნიშნულია საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და მიღწეული პროგრესი, ხაზგასმულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მხარდაჭერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს გააგრძელონ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული დისკუსიები, გაზარდონ საქართველოს ჩართულობა რეგიონული უსაფრთხოების გამყარებისკენ მიმართულ ნატოს აქტივობებში და ხელი შეუწყონ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონკრეტულ ნაბიჯებს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია 6 ოქტომბერს დაიწყო და მუშაობას დღეს, 9 ოქტომბერს დაასრულებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები