„შემოქმედის“ პირველი აუდიოალბომის წარდგინება გაიმართება

10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ფონდი „ქართული გალობა“ გამართავს მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „შემოქმედის“ პირველი აუდიოალბომის წარდგენას.

როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონებში ახალგაზრდული ანსამბლებისა და ახალგაზრდა ლოტბარების ხელშეწყობა, მათი აუდიოჩანაწერების გამოცემა-პოპულარიზება. ფონდის წლევანდელ რჩეულებს შორის ანსამბლი „შემოქმედი“ შეირჩა.

აუდიოალბომი ჩაიწერა ოზურგეთში გალობის უნივერსიტეტის მოძრავი სტუდიით; ხმის რეჟისორი – ილია ჯღარკავა; დიზაინი – დავით ჯამრიშვილი; პროექტის მხარდამჭერია Shilda Winery /მეღვინეობა შილდა.

მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი „შემოქმედი“ შემოქმედის ეპარქიის საკათედრო ტაძრის სამეუფეო გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ეს უკანასკნელი, 2007 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტის – იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. 2014 წლიდან ანსამბლს რამდენიმე გამოცდილი მომღერალი დაემატა და წევრებმა ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა, უძველესი ვარიანტების მოძიება-აღდგენაც დაიწყეს. ამ პერიოდიდან „შემოქმედი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრის სახელითაც აგრძელებს საქმიანობას.

„შემოქმედის“ მიზანი ქართული საეკლესიო გალობის, უპირატესად, ადგილობრივი – შემოქმედის სკოლის ნიმუშების შესწავლა, ღვთისმსახურებაში დაბრუნება და ძველი გურული სიმღერების მომავალი თაობისათვის გადაცემაა.

ანსამბლი წარმატებით გამოდის ტრადიციული მუსიკის კონცერტებსა და საღამოებზე, მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში; 2015-16 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ დათვალიერება-ფესტივალზე „შემოქმედი“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა (ნომინაცია „ხალხური სიმღერის ახალგაზრდული ანსამბლი“).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები