თეა წულუკიანი: ჩვენ გვაქვს მშვიდი საარჩევნო კამპანია, ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებებიც

„მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს მშვიდი საარჩევნო კამპანია, ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებებიც“, – ამის შესახებ უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრი ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბაღის დირექტორები მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ამომრჩეველთა მობილიზებაში არიან ჩართულნი.

„ჩვენ, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, მრავალჯერ განვიხილეთ მასწავლებლების თუ ბაგა-ბაღის თანამშრომლების პოლიტიკური აქტივობის საკითხი, ზოგ შემთხვევაში, გამოვლინდა, რომ ისინი ამ აქტივობას ახორციელებდნენ კვირის და დღის იმ მონაკვეთში, როცა მათ კანონით აქვთ ამის უფლება, თუმცა გამოვლინდა შემთხვევებიც, როდესაც იყო კანონდარღვევები და მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის უწყებებს, პირველ რიგში, განათლების სამინისტროს გენინსპექციას და აუდიტის სამსახურს, რომლებმაც მყისიერი რეაგირება მოახდინეს. მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს მშვიდი საარჩევნო კამპანია, ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებებიც, ჩვენი შიდა ეროვნული დამკვირვებლების შეფასებებიც და მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვისურვებდი, რომ 21 ოქტომბრამდე კიდევ უფრო მაღალი დისციპლინით დაიცვან საჯარო მოხელეებმა ნეიტრალიტეტი, რადგან პოლიტიკური პარტიები უნდა იყოს მკაცრად გამიჯნული მუნიციპალური ხელისუფლებისგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან და ზოგადად, სახელმწიფოსგან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები