კახა კალაძე: ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი
„ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი – ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებ“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, დებატებში მონაწილეობის თაობაზე.
„ჩვენ დებატებში ვმონაწილეობთ, ამის პრობლემა „ქართულ ოცნებას” არ გააჩნია, ამის პრობლემა კახა კალაძეს არ გააჩნია. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი – ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება – დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს ტელედებატებში უკვე მეორედ იწვევს.
ცნობისათვის, ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ კალაძე თუ დათანხმდება ტელედებატებს, ის მზად არის ამის შემდეგ „ქართული ოცნების” კანდიდატს ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს.
ვიდეომიმართვა სტადიონზეა ჩაწერილი, სადაც ელისაშვილი ფეხბურთის ბურთით თამაშობს.