ეკა ბესელია: გუნდის მხრიდან გონივრული შეთავაზება გაკეთდა, ამიტომ შესაძლოა, პრეზიდენტთან შემდეგი შეხვედრა საჭირო არც იყო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის სამომავლო გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემდგომი გეგმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
როგორც ბესელიამ განაცხადა, გუნდის მხრიდან გონივრული შეთავაზება გაკეთდა, ამიტომ შესაძლოა, პრეზიდენტთან შემდეგი შეხვედრა საჭირო არც იყო.
„რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ამაზეა დამოკიდებული კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება.
ჩვენი მხრიდან ძალიან გონივრული შეთავაზება გაკეთდა. ახლა საუბარია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. შესაძლოა, პრეზიდენტთან შემდეგი შეხვედრა საჭირო არც იყო. ჩვენი პოზიცია ცნობილია, პრეზიდენტის პოზიციას ველოდებით. პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 10 ოქტომბრამდე აქვს. ვერ გეტყვით, პრეზიდენტი რას იზამს. ორი მოცემულობაა. ერთი ის შეთავაზება, რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა და მეორე – კონსტიტუციას ისე მოაწეროს ხელი, რომ ცვლილებები დადასტურებული იყოს. მესამე მოცემულობაცაა – თუ სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ კომპრომისისა და შეთანხმებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით”, – განაცხადა ბესელიამ.