ანა დოლიძე: წარმოუდგენელი ვითარებაა, მრავალსაუკუნოვანი დოკუმენტი მიღებიდან რამდენიმე საათში იცვლება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის პრეზიდენტისადმი შეთავაზებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს, რადგან მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვეს შეეცვალათ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო.
მისივე თქმით, შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მათ შორის „ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, ვითარება, რომელიც შექმნილია კონსტიტუციასთან მიმართებაში, წარმოუდგენელია.

„უნდა დავფიქრდეთ რა ვითარებასთან გვაქვს საქმე. დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს. მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვენ შევცვალოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ეს ვითარება სამწუხაროა და წარმოუდგენელია ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტთან მიმართებაში. თუმცა ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი, ბუნებრივია, გავმართავთ კონსულტაციებს მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, რადგან პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობას. ამ ეტაპზე ჩვენ ვუყურებთ ამ პროცესს, რომ საქმე გვაქვს არასერიოზულ და წარმოუდგენელ ვითარებასთან. ეს ვითარება არის, რომ მრავალსაუკუნოვანი დოკუმენტი მიღებიდან რამდენიმე საათში იცვლება. კონსტიტუცია არ არის ვინმეს ანგარიში, ეს არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა გაუძლოს საუკუნეებს”,- აღნიშნა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.
„ბონუსის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას რაც შეეხება, ამას ესაჭიროება ახალი კანონპროექტის ინიცირება და ეს პროცედურა დაიწყება აუცილებლად მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. თუმცა არსებობს ერთი ალტერნატივა. პრეზიდენტს შეუძლია ერთხელ მაინც შეასრულოს კონსტრუქციული როლი ამ პროცესში. 6 თვის განმავლობაში, ის ასრულებდა დესტრუქციულ როლს ამ პროცესში, თუმცა ახლა შეუძლია პირველად შეასრულოს კონსტრუქციული როლი, ვეტო დაადოს კანონპროექტს იმ დაპირებების შესაბამისად, რომელიც ჩვენ მივეცით ვენეციის კომისიას. ვეტომ შეიძლება გაითვალისწინოს ბონუსის გაუქმება და ერთჯერადად ბლოკების დატოვება და ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, ორი კვირის თავზე ავამოქმედოთ დოკუმენტი, რომელიც სრულად შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები