ირაკლი კობახიძე: დღეს ვიღებთ კონსტიტუციას, რომელიც გაუძლებს დროს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსა და მათ მიერ სხდომის დატოვებას გამოეხმაურა.  ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოიკოტი პროტესტის გამოხატვის მიღებული ფორმაა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს ბოიკოტის ნაცვლად – გაქცევაა.

„ეს ნამდვილად არის გაქცევა. ჩვენ ამას ვხედავთ არა პირველად, არამედ უკვე მესამედ. ყველაფერი დაიწყო სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიით. გაიქცა ოპოზიცია დარბაზიდან მაშინ, როდესაც კანონპროექტი ითვალისწინებდა პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას 2020 წლიდან. დღეს ამბობენ, რომ თითქოს ეს იყო კონსენსუსის მიღწევის ქვაკუთხედი.

მეორედ ეს მოხდა აგვისტოში, როდესაც ვთხოვეთ ოპოზიციას, ჩამოეწერათ ის საკითხები, რომელთაც კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუწერდნენ ცვლილებებს. ასეთი ჩამონათვალი ოპოზიციამ არ წარმოგვიდგინა.

ეს იყო გაქცევა დიალოგის მაგიდიდან. მესამედ, დღეს ვხედავთ, რომ ოპოზიცია გაიქცა სხდომათა დარბაზიდან. რატომ ვუწოდებთ ამას გაქცევას და არა ბოიკოტს? იმიტომ, რომ ამ ყველაფერს აქვს თავისი კონკრეტული მიზეზი: როდესაც ოპოზიცია სვამს კითხვებს, მას ეშინია პასუხების მოსმენის. ყოველთვის გარბიან ისინი მაშინ, როდესაც დგება პასუხების გაცემის  დრო.
იგივე ეხება საქართველოს პრეზიდენტს.  მე რამდენჯერმე შევთავაზე სახელმწიფოს მეთაურს, რომ ერთად დავმსხდარიყავით სატელევიზიო ეთერში არა დებატების რეჟიმში, არამედ ერთად გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ისიც გაიქცა ამ შემოთავაზებიდან. ეს არის დღევანდელი ოპოზიციისთვის დამახასიათებელი ნიშანი. ისინი გარბიან იმიტომ, რომ მათ ეშინიათ პასუხების მოსმენის, დიალოგის და დისკუსიის. ჩვენ ვართ წელში გამართულები და ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც არის შემუშავებული ჩვენ მიერ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის არსის თაობაზე საუკეთესო პასუხს ოპოზიციის რეაქცია იძლევა. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები უაღრესად დადებითად შეფასა და ოპოზიციას სათქმელი არაფერი დაუტოვა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ არ გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტისა და ოცი პოლიტიკური პარტიის მიერ შემუშავებული შენიშვნები.

„შეგიძლიათ ტელეეთერებს გადაავლოთ თვალი და ნახავთ, რომ მეორე დღეს იყო ოპოზიციის მხრიდან აბსოლუტური სიჩუმე. ეს სიჩუმე იყო საუკეთესო დასტური იმისა, რომ ვენეციის კომისიამ შეაფასა დოკუმენტი როგორც პოზიტიური, უაღრესად დადებითი საკონსტიტუციო ცვლილებები და შესაბამისად, არაფერი არ დაუტოვა სათქმელი ოპოზიციას. თქვენ გახსოვთ, რომ პრეზიდენტმა  ე. წ. ოც პარტიასთან ერთად  შეადგინა თავისი კონსტიტუცია, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ განსახილველად. არცერთი საკითხი არ გაიზიარა ვენეციის კომისიამ.

ერთადერთი, რაც გაიზიარა, იყო ბონუსი და ბონუსთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გამოვხატეთ პოზიცია და ვთქვით, რომ მოხდება  კანონპროექტის ინიცირება და მეორე, სადაც იყო მსგავსება პოზიციებში , ეს იყო ვადის გადაწევა, რასთან დაკავშირებითაც გამოხატა თავისი პოზიცია ვენეციის კომისიამ და ჩვენც გვაქვს ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები დაფიქსირებული. არცერთ ამ საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ აქვს უარყოფითი შეფასება, უფრო   მეტიც. პრეზიდენტის  პირდაპირი არჩევნების ჩანაცვლება არაპირდაპირი არჩევნებით არის დადებითად შეფასებული.

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებების გადანაწილებას, არის დადებითად შეფასებული. არცერთი შენიშვნა არ გვაქვს მთავრობის თავთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა გააკრიტიკა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე არცერთი შენიშვნა არ არის წარმოდგენილი.

თავდაცვის საკითხები არის დადებითად შეფასებული. ხუთპროცენტიანი ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის არის დადებითად შეფასებული. ეს არის რეალობა. არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტთან ერთად, რომელთაც აქვთ თავიანთი ნეგატიური, დესტრუქციული  დღის წესრიგი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მხარი არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაუჭირონ არავითარ საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორი დახვეწილიც არ უნდა იყოს ეს დოკუმენტი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი და ვმოქმედებთ ბუნებრივია, სწორედ ასეთი დღის წესრიგით”,- განაცხად პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს იმის შესახებ, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის არცერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ რამდენიმე, არა საკვანძო ხასიათის შენიშვნა არ გაითვალისწინა. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზეც, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიას დოკუმენტი მეორე მოსმენის შემდეგ გაუგზავნა.

„აქ ითქვა, რომ ჩვენ ვენეციის კომისია მოვატყუეთ და მეორე მოსმენის შემდეგ გავუგზავნეთ მას დოკუმენტი ისეთ დროს, როცა შეუძლებელი იყო არა სარედაქციო ცვლილებების  შეტანა, ეს არ არის მართალი. ჩვენ ვენეციის კომისიას გავუგზავნეთ დოკუმენტი მაშინვე, როცა ის გამოვიდა სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიიდან. ჩვენ ვთხოვეთ მას დასკვნის წარმოდგენა და წარმოგვიდგინა კიდეც ეს დასკვნა, რომელიც შემდეგ გავიზიარეთ. რეკომენდაციები უკვე მეორე მოსმენით აისახა დოკუმენტში. პირადად ჩემი თხოვნა იყო ვენეციის კომისიის მიმართ, რომ არა მარტო პროექტზე, არამედ უკვე მიღებულ  დოკუმენტზეც წარმოედგინათ დასკვნა. საუბარი  იყო მიღებულ კანონთან დაკავშირებით წარმოსადგენ დასკვნაზე, ეს თხოვნა  იყო გამონაკლისი, რადგან როგორც წესი, ვენეციის კომისია მხოლოდ პროექტთან დაკავშირებით იძლევა დასკვნას. გამონაკლისის სახით დაგვპირდა, რომ უკვე მიღებულ კანონზეც მოგვაწვდიდა  დასკვნას”,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ, ოთხთვიანი მუშაობის შედეგად მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები თანხმობის დოკუმენტია, განსხვავებით პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებული დოკუმენტისგან.

„თანხმობის დოკუმენტი” უწოდა პრეზიდენტმა იმ დოკუმენტს, რომელიც მან შედგინა ე. წ. ოც პარტიასთან ერთად. „თანხმობის დოკუმენტი” უწოდეს კონსტიტუციას, რომელიც დაიწერა რამდენიმე დღეში. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს ნაჩქარევად გავაკეთეთ, მაშინ, როდესაც 4 თვე სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა მაღალკვალიფიციურ ექსპერტებთან, იურისტებთან ერთად. ადამიანებმა წარმოგვიდგინეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც  რამდენიმე დღეში დაიწერა პრეზიდენტისა და ე. წ. 20 პარტიის მიერ.  ეს არის დოკუმენტი, რომელსაც მხარს არ უჭერს ხალხის მიერ არჩეული 150 დეპუტატიდან 117 დეპუტატი. მას მხარს არ უჭერს 8 საპარლამენტო პარტიიდან 5.

მას მხარს არ უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ეს ხაზგასმით უნდა ითქვას და ეს დადასტურდება იმ პლებისციტით, რომელიც ჩატარდება საქართველოში 21 ოქტომბერს. 21 ოქტომბერს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ძალიან მყარ მხარდაჭერას „ქართული ოცნების” მიმართ და ეს იქნება იმ კონსტიტუციის მხარდაჭერა, რომელიც დღეს იქნება მიღებული ჩვენ მიერ. დაბოლოს,  პრეზიდენტის და ე. წ. 20 პარტიის მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციას მხარს არ უჭერს ვენეციის კომისია, როგორც ნეიტრალური შემფასებელი. მთლიანად აცდენილია იმ შეფასებებს, რომელიც  წარმოდგენილი ვენეციის კომისიის დასკვნაში

მე გითხარით უკვე ვინ უჭერს მხარს ამ დოკუმენტს, რომელიც მიიღება დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ და ასევე მინდა გითხრათ, როდესაც კენჭი ეყრებოდა ამ დოკუმენტს სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიაში, მას მხარი დაუჭირა კომისიის წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ძალიან მაღალი რანგის ექსპერტებმა”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა პროპორციულ სისტემასა და  საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ კონსულტაციაზე. მისი თქმით, ოპოზიციის თვითმიზანი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის უარის თქმა აღმოჩნდა.

„შეგვიძლია ამოვიღოთ სტენოგრამებით კომისიის სხდომები, სადაც არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ   პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული იყო მმართველი გუნდის ხელმძღვანელობაში.

ოპოზიცია ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე ჩაგვეკითხა და ჩვენ სრულიად გულწრფელად, პატიოსნად ვუპასუხეთ, რომ საუბარი იყო მმართველი გუნდის  ხელმძღვანელობის პოზიციაზე, რასაც სჭირდებოდა შეჯერება 116 კაცთან. როდესაც დავბრუნდით ვენეციიდან, მაშინ გახსოვთ, რომ დოკუმენტში ეწერა  პროპორციული სისტემა 2020 წელს.

კონსულტაციები გვქონდა საპარლამენტო უმცირესობასთან და შევთავაზეთ ამ დოკუმენტის მხარდაჭერა, რაზეც მივიღეთ ცივი უარი. საბაბად გამოიყენეს რამდენიმე ულტიმატუმი, რაც უკავშირდებოდა მიწას, გადასახადებს და აბსოლუტურად გაუგებარი საკითხებს , რომელსაც არ ჰქონდათ საკვანძო მნიშვნელობა კონსტიტუციის ტექსტში. ეს იყო რეალურად საბაბი. გამოჩნდა, რომ ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის უარის თქმა. თუ ასეთი მიზანი თავიდანვე დასახული გაქვს, ბუნებრივია, ამაზე  ადვილი არ არის საბოლოო ჯამში მხარი არ დაუჭირო ნებისმიერი ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებს თუნდაც ეს იყოს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი, როგორც ესაა.   ამ პირობებში შეუძლებელი გახდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის არჩევნებისათვის. თუმცა ეს ცვლილება აუცილებლად ამოქმედდება  მას შემდეგ რაც ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დღეს პარლამენტი მიიღებს კონსტიტუციას, რომელიც ათწლეულებს გაუძლებს და ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.
„ მინდა ყველას მადლობა  გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ უმნიშვნელოვანეს და მე ვიტყოდი ისტორიულპროცესში. ყველა მოწვევის პარლამენტს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს და წვლილიშეიტანოს ისტორიული პროცესის განხორციელებაში, ისტორიული მისიის შესრულებაში. ჩვენ ნამდვილადმოგვეცა ამის შესაძლებლობა, რაც არის ჩვენთვის ბუნებრივია დიდი პატივი, ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა,რომ შევქმნათ ჩვენი ახალი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფო სისტემისთვის, ჩვენი მმართველობისსისტემისთვის, ეს არის საშვილიშვილო საქმე, დღეს ვიღებთ ჩვენ კონსტიტუციას, რომელიც გაუძლებს დროს,გაუძლებს ათწლეულებს და უზრუნველყოფს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას.

მინდა აღვნიშნო, რომ დიდი საქმეები დიდი წინააღმდეგობების გარეშე არ კეთდება, ჩვენ შეგვხვდაწინააღმდეგობა , მთელი შტურმი ვიხილეთ ჩვენ წინააღმდეგ, თუმცა ეს წინააღმდეგობა დავძლიეთ და ამასჰქონდა ერთი მარტივი მიზეზი – ჩვენ გვამოძრავებდა რწმენა, რომ ვაკეთებდით სწორ საქმეს დაშევიმუშავებდით ისეთ დოკუმენტს, რომელიც კიდევ ერთხელ გაუძლებდა დროს და რომელიც საფუძველსჩაუყრიდა ჩვენს სახელმწიფო სისტემას, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი.

ჩვენ გამოვიარეთავტოკრატიული, ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმები და ამ რეჟიმების მთავარი საყრდენები იყო სწორედარადემოკრატიული კონსტიტუციები, რომელიც ჩვენ გადმოგვცა მემკვიდრეობით „ნაციონალურმა მოძრაობამ”2010 წლის  საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე. ჩვენი ისტორიული მისია და ამოცანა იყო ამ მახინჯიკონსტიტუციის ჩანაცვლება ძალიან დახვეწილი რედაქციით, და ჩვენ, ჩვენი პრინციპულობით, ჩვენიყოველდღიური მუშაობით, ჩვენი შრომით შევძელით ამ მისიის წარმატებით განხორციელება.  და კიდევერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულს. ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ იმგადაწყვეტილებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დღეს მიიღებს”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები