დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს

26-28 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, 26 სექტემბერს, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილესთან ქეით გილმორთან. მინისტრის პირველმა მოადგილემ უმაღლესი კომისრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანასკნელ პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევის ფაქტებს. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე ეს და სხვა უხეში დარღვევები, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების წართმევა წარმოადგენს ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებას და რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა, პასუხისმგებელია აღნიშნულ უკანონო ქმედებებზე. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარების მონიტორინგისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. აღნიშნულ კონტექსტში ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენელმა ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე გამართა შეხვედრები ქ. ჟენევაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან პიტერ სორენსენთან და გაერთიანებული სამეფოს მუდმივ წარმომადგენელთან ჯულიან ბრეითვეიტთან. შეხვედრებზე საუბარი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას შეეხო. მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში. 28 სექტემბერს დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, სადაც განიხილება 2017 წლის მარტში მიღებული რეზოლუციის შესაბამისად უმაღლესი კომისრის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით“, -აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები