თეა წულუკიანი: დღეს მიღებულია კონსტიტუცია, რომელიც ყველა ნაწილში სჯობს წინას

„დღეს მიღებულია კონსტიტუცია, რომელიც ყველა ნაწილში სჯობს წინას“ – ამის შესახებ ახალი კონსტიტუციის მიღების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„დღეს მიღებულია კონსტიტუცია, რომელიც ყველა ნაწილში სჯობს წინას. ეს არის კონსტიტუცია, რომელიც აძლიერებს პარლამენტს და საპარლამენტო მოდელს; აძლიერებს მოსამართლეებს; აძლიერებს იუსტიციის საბჭოს როგორც ინსტიტუტს; საკონსტიტუციო ორგანოდ აქცევს ჩვენ მიერ 2015 წელს შემოღებულ საპროკურორო საბჭოს და აძლიერებს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობას; აძლიერებს ამომრჩეველს; ადამიანის უფლებების დაცვა აჰყავს უფრო მაღალ ხარისხში და რეალურად ისეთ მნიშვნელოვან ავტორებსაც კი მართლმსაჯულების პროცესში, როგორიც არის ადვოკატთა კორპუსი, უფრო მაღალ გარანტიებს სთავაზობს, და მრავალი სხვა სიკეთეა ამ კონსტიტუციით უზრუნველყოფილი.
ამიტომაც, ამ ტექსტს მივესალმები. მივესალმები ყველა დეპუტატის მხარდაჭერას, რომელი პარტიიდანაც უნდა იყოს, ვინც ხმა მისცა კონსტიტუციას, რადგან ეს არის ტექსტი, რომელიც მომავალში გამორიცხავს − ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში − ხელისუფლების უზურპაციას და, ასევე, გამორიცხავს, რაც მე მახსოვს თანამდებობაზე ყოფნისას, რომ ადამიანებს შორის შეიძლება არ იყოს კეთილი ურთიერთობები და ამან გამოიწვიოს ინსტიტუტებს შორის კრიზისი. ეს ყველაფერი არის ამიერიდან გამორიცხული და ეს ეპოქა არის დამთავრებული“ − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გააკრიტიკა, რომლებმაც პარლამენტში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მიკროფონებში მეტი დამაჯერებლობისთვის ბევრს ყვიროდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ რეალური არგუმენტები, როდესაც ნახეს ვენეციის კომისიის დასკვნა; როდესაც ნახეს, რომ რეალურად ეს კონსტიტუცია ყველა ინსტიტუტს აძლიერებს და ქვეყანა კარგ, პროგრესულ მომავალზე არის ორიენტირებული. მათ როგორც სჩვევიათ, დატოვეს, გაიქცნენ. ისინი გარბიან დარბაზებიდან. ისინი, ასევე, გაიქცნენ უწყებათაშორისი კომისიის სხდომიდან, იმიტომ, რომ მათ აღარ აქვთ სხვა ძალა, გარდა იმისა, რომ გაიქცნენ და შექმნან შოუ. მთავარი ეს არ არის, მთავარი არის მომავალი; ამ კონსტიტუციის პირობებში კი ის არის დაბალანსებული საპარლამენტო მოდელი, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანის უფლებები, მაღალი ხარისხით დაცული“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მესამე მოსმენით, 117 ხმით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები