„საქართველოს მისწრაფება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში არ ქმნის საფრთხეს აბსოლუტურად არც ერთი სექტორისათვის”

სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მისწრაფება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში აბსოლუტურად არც ერთი სექტორისათვის არ ქმნის საფრთხეს.
ციხელაშვილის განცხადებით, თუ საუბარია დესტაბილიზაციის საფრთხესა და გამოწვევებზე სტაბილურობის თვალსაზრისით, ასეთ საფრთხეებს ქმნის, საუბედუროდ და სამწუხაროდ, რუსეთის მიერ საქართველოს განგრძობითი ოკუპაცია.
„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, სამხედრო შენაერთების მუდმივი ზრდა, სამხედროების განლაგება, შეიარაღების დიდი მოცულობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე – სწორედ ესაა მთავარი გამოწვევა უსაფრთხოებისათვის, ესაა საქართველოს დემოკრატიული რეფორმის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზა და ამაზე არაერთხელ განგვიცხადებია ყველა ფორმატის ფარგლებში“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ასევე, მინისტრის განცხადებით, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების აუცილებლობა, ნამდვილად არსებობს, ოღონდ არსებობს რუსეთის მხრიდან, რომელსაც, ციხელაშვილის თქმით, არ გაუმყარებია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.
„რეალურად რუსეთი არის ის მხარე, რომელიც ფლობს ძალას და მან უნდა აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება და ეს არის, რა თქმა უნდა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხიც”, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამიერკავკასიაში NATO-ს გააქტიურების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, საქართველოში გრძელდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის დისლოცირება, იმართება წვრთნები, ხდება NATO-ს სამხედრო სტანდარტების და მათ მართვის სისტემის დანერგვა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ჩრდილოატალანტიკური ალიანსის ამიერკავკასიაში გააქტიურებასთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გრიგორი კარასინმა ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ გაერო-ს წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და ეუთო-ს სპეცწარმომადგენელი გიუნტერ ბეხლერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები