თამარ ხულორდავა და აკაკი ზოიძე ბაქოში კონფერენციაში მონაწილეობენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მასპინძლობით გამართულ კონფერენციაში – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება საპარლამენტო ჩართულობის გაძლიერებით” მონაწილეობენ.
კონფერენციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტები, ევროპარლამენტის წევრები, საპარლამენტო დელეგაციები იტალიიდან და ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობენ.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები მოხსენებით წარსდგებიან თემებზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა ჯანმრთელობის და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში არსებული მიღწევებსა და გამოწვევებზე” და „საპარლამენტო ჩართულობის გაძლიერების პერსპექტივა მდგრადი განვითარების მესამე და მეხუთე მიზნებთან მიმართებაში და მათ მიღმა”.
კონფერენცია აზერბაიჯანის პარლამენტის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის, მოსახლეობისა და განვითარების ევროკავშირის საპარლამენტო ფორუმის და აზერბაიჯანში გაერთიანებული ერების წარმომადგენლობის მიერაა ორგანიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები