„ახალგაზრდა ადვოკატები”: 2013 წლიდან 2017 წლამდე სამინისტროებიდან 26 510 ადამიანი გაათავისუფლეს

„ახალგაზრდა ადვოკატებმა” იმ მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომლიც სამინისტროებში დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ურთიერთობას ეხება. კვლევა 2013 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
„ადვოკატები” იმ ხუთ ძირითად სამინისტროზე აკეთებენ აქცენტს, საიდანაც ყველაზე მეტი კადრია გათავისუფლებული. ამ კუთხით სალიდერო პოზიციაზე თავდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, საგარეო და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები მოხვდნენ.
“2013 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველი ივლისის ჩათვლით, სამინისტროებიდან 26 510 ადამიანი გათავისუფლდა. ყველაზე მეტი თანამშრომელი ხუთი სამინისტროდან გათავისუფლდა, ესენია: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, საგარეო და განათლების სამინისტროები. აქედან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაფიქსირდა – გათავისუფლებულთა რიცხვმა 14 510 შეადგინა. გათავისუფლების ძირითადი მოტივი, კვლევის თანახმად, არის პირადი განცხადება, დისციპლინარული გადაცდომა ან რეორგანიზაცია. საგულისხმოა, რომ გათავისუფლების გამო გაცემულია საკმაოდ სოლიდური კომპენსაცია, 12 მილიონ ლარზე მეტი, აქედან უმეტესი ნაწილი თავდაცვის სამინისტროზე მოდის. საგულისხმოა, რომ საკმაოდ მცირეა დაწინაურების მაჩვენებელი. სამინისტროებში მიღებულია 25 000 ათას თანამშრომელზე მეტი, აქედან დიდი ნაწილი თავდაცვის სამინისტროზე მოდის. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სასამართლო გადაწყვეტილებების თაობაზე, რომელიც სამსახურში აღდგენას ეხება, სამინისტროებიდან გათავისუფლებული პირებიდან 42-ს სარჩელი​ დაუკმაყოფილდა, ხოლო ერთი ვერ აღდგა რადგან სამსახურში რეორგანიზაცია მოხდა”, – განაცხადა „ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტმა, მარიამ ფირცხალაიშვილმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ორგანიზაციამ კვლევა პირადი ინიციატივით ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები