ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები მიიღო.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ სერბეთის პარლამენტის წევრებს მათი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სერბმა დეპუტატების თქმით, საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას ბევრი საერთო აქვს, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო მიზანი ევროპული ინტეგრაციაა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორმა ქვეყანამ ამ მიზნის მისაღწევად და საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს.
შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საგარეო საქმეთა კომიტეტებსა და საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა.
საუბარი, ასევე, ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაც.
საქართველოს ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა ხალხთა შორის დაახლოებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს საქართველოს მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმა, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობის შესახებაც. მისი თქმით, საქართველო რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, თუმცა, რუსეთის ფედერაციის ქმედებების გამო, დიალოგში პროგრესი არ არის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იანვარში საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა.
„ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგან ერთის მხრივ, კიდევ უფრო მეტად ვაღრმავებთ მეგობარ ქვეყნებთან საპარლამენტო ურთიერთობებს, მეორეს მხრივ, ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაა ევროკავშირში ინტეგრაციის გზა, რადგან ორივე ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი – არის ის საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, ისევე, როგორც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ჩვენი საგარეო კურსის მიმართულებაზე”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.
შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გედევან ფოფხაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები