დავით ზალკალიანი: გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვაში საქართველო მრავალი მნიშვნელოვანი კომპონენტით წარმოჩინდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, გენერალურ დებატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე მრავალი მნიშვნელოვანი კომპონენტით წარმოჩინდა. პირველ რიგში, კი ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რასაც ქვეყანა ასრულებს რეგიონის განვითარებისთვის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

„დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც დახუნძლულია სერიოზული პრობლემებით, არსებობს უამრავი ცხელი წერტილი: ჩრდილოეთ კორეა, სირია, უკრაინა, ის პრობლემები, რომელსაც საოკუპაციო ძალები ქმნიან ჩვენს ტერიტორიაზე. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში აქცენტები გაკეთდა იმაზე თუ რა ფუნქცია შეიძლება შეასრულოს საქართველომ რეგიონში სტაბილურობის კუთხით. ის პროექტები რომელზეც საუბარი იყო პრემიერის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონის სტაბილურობისთვის. ნათლად გამოჩნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აქცენტს აკეთებს ადამიანზე, რომ ადამიანი არის ის უმთავრესი მიზიდულობის ცენტრი, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ყველა ის მცდელობა, რომელიც მიმართულია მისი კეთილდღეობისთვის. საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი გადადგმულია ამ მიმართულებით”,-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისი განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს საკითხს ადგილი დაეთმო ბევრი ლიდერის გამოსვლაში და მათი მხრიდან გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები.
„ლიდერების მხრიდან გაჟღერდა მოწოდებები, რომ აუცილებელია აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, მათი მხარდაჭერა და გაერთიანება უაღრესად მნიშვნელოვანია ამ პრობლემის გადასაჭრელად და ჩვენი დიპლომატიის ყოველდღიური საქმიანობა სწორედ ამისკენ არის მიმართული. თავად ის ფაქტი, რომ დღეს გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გაისმა ასეთი მოწოდებები, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში”, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები