ოთარ დანელია ჩინეთში ქართული ღვინის მუზეუმის გახსნას დაესწრო

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ჩინეთში ქართული ღვინის მუზეუმის – „სარკმელი საქართველოსკენ” გახსნას დაესწრო.
მუზეუმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, წეჯიანგის პროვინციის ქალაქ იუს ცენტრშია განთავსებული.
ოთარ დანელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ მეგობარი ქვეყანა ასე აქტიურადაა ჩართული ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.
„ეს ცხადყოფს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას. ჩინეთში ქართული პროდუქციის მიმართ მზარდი ინტერესი არსებობს და ეს ქვეყანა ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად რჩება. 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 51%-ით აღემატება. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს”, – აღნიშნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მუზეუმი კომპანია „სუოლუნის” გენერალური დირექტორის, ი შიაო ჯუნისა და „სინგუან ჯგუფის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. ი შიაო ჯუნი უკვე ორი წელია ჩინეთში ქართული ღვინის სახლების ქსელს ფლობს.
ჩინელი ბიზნესმენი მომავალში ანალოგიური ტიპის ქართული ღვინის მუზეუმების გახსნას ჩინეთის დიდ ქალაქებში – შანხაისა და პეკინშიც გეგმავს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები