პრემიერი: ასობით ათასი ჩემი თანამემამულე, რომელიც მოუთმენლად ელის შინ დაბრუნებას, ამას ვერ ახერხებს მხოლოდ იმიტომ, რომ გაეროს ერთი წევრი სახელმწიფო უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე

გაეროს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს მასზე დაკისრებულ არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გამოწვევებით, მიმდინარე და გაყინული კონფლიქტებით, სახელმწიფოთა და სხვათა მხრიდან აგრესიით აღსავსე დღევანდელ მსოფლიოში არც საქართველოა გამონაკლისი. და აქაც, საქართველოს მთავრობამ თავისი პოლიტიკის ცენტრში საკუთარი მოქალაქეები დააყენა.

„2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა. მან გააფორმა ე.წ. „შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ“ და ხელი მოაწერა „ხელშეკრულებებს“ დე-ფაქტო ხელისუფლებებთან, რათა რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემებმა შთანთქან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაცია. რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართების, სანგრების, ე.წ. სასაზღვრო ნიშნულებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით. მავთულხლართები კი ზოგიერთის კარ-მიდამოს უბრალოდ შუაზე ჰყოფს. დაუცველი ჯგუფები, რომლებიც აქამდე, მაგალითად, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ან ბავშვები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მისაღებად გადმოდიოდნენ მეორე მხარეს, დღეს ამას ვეღარ ახერხებენ, რადგან ე.წ. გადამკვეთი პუნქტები დაიხურა. ამასობაში კი, რუსეთი აგრძელებს მოძრაობაზე რეაგირებისა და სხვა სახის ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა მოიპოვოს სრული კონტროლი მთლიანად საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე. საქართველო მტკიცედ ემხრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. საქართველოს მთავრობა ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს. მან არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების შესახებ დებულების ერთგულება. რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ჯერ არ ჰქონია. საქართველოს მუდმივი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების მოძიებისკენ, დამოწმებულია არაერთი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა დაჩქარდეს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით  მოგვარება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, რომელიც ყოველწლიურად იღებს რეზოლუციას და კიდევ ერთხელ აცხადებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილთა შინ დაბრუნების უფლებას.

„საქართველო მადლობას მოახსენებს გაეროს ამ მხარდაჭერისთვის, მაგრამ ყოველივე ეს ჯერ ვერ იქცა რეალობად ასობით ათასი ჩემი თანამემამულისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან შინ დაბრუნებას და მაინც ვერ ბრუნდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გაეროს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო უარს ამბობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს, მის წინაშე მდგარი გამოწვევების მიუხედავად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

ჩვენს პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი განვითარებისა და სტაბილურობისთვის და ჩვენი მიზანია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. ევროკავშირი თავის გლობალურ სტრატეგიაში აღიარებს საქართველოს წარმატებას, როგორც აყვავებულ, მშვიდობიან და სტაბილურ დემოკრატიას და თავის სამეზობლოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილის შემტანს. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო ოპერაციებში, ავღანეთის ჩათვლით, ასევე ევროპის კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები