პრემიერი: ჩვენმა ხალხმა დაინახა, რომ სერიოზულად ვეკიდებით დემოკრატიულ უფლებებსა და უსაფრთხოებას, როგორც ჩვენი პოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას

ჩვენმა ხალხმა დაინახა ორი რამ:  ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით დემოკრატიულ უფლებებსა და უსაფრთხოებას, როგორც ჩვენი პოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას.  ისინი დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ვთავაზობთ შემდგომი რეფორმების მკაფიო გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ გასული წლის არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მმართველ გუნდს კიდევ უფრო დიდი ნდობა გამოუცხადა, რათა წარუძღვეს ქვეყანას.
გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მოქალაქეები კარგად შეიგრძნობენ იმას, რასაც დამოუკიდებელი საერთაშორისო ინსტიტუტები მკაფიოდ აცხადებენ.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით. Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში. ჩვენ სასტიკი ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას. Heritage Foundation-ის 2017 წლის რეიტინგის თანახმად, კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიაში საქართველო 31-ე ადგილზეა, ანუ მისი პოზიციები 38 ადგილით გაუმჯობესდა 2012 წელთან შედარებით. იმავეს ადასტურებს Transparency International-ის 2016 წლის მონაცემები – საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონში. ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ კერძო საკუთრების დაცვას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები 77 პუნქტით გაუმჯობესდა. ჩვენ ურყევად ვიცავთ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას. ამ მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ჩვენი პოზიციები 28 პუნქტით გაუმჯობესდა და დღეს ჩვენ 63-ე ადგილზე ვართ მაშინ, როცა სულ ახლახან 91-ე ადგილზე ვიყავით. რაც შეეხება სამართალდაცვასა და ფიზიკურ უსაფრთხოებას, ამ უმნიშვნელოვანეს სფეროებს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში საქართველომ 67-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, გაუმჯობესებაა 41 ადგილით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები