გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად

წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25-ე წლისთავი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას საქართველო იწყებს იმავე ხედვით, რომლითაც მთავრობა ხელმძღვანელობს შინ  –  ყურადღების ცენტრში ყოველთვის მოქალაქეები არიან.
“საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ღია მმართველობის პარტნიორობა შეუწყობს ხელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ეს განსაკუთრებით ეხება მე-16 მიზანს, ეს არის მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა. ეროვნულ სტრატეგიებად მათი გარდაქმნის გზით მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისას იკვეთება თავად გაეროს ინსტიტუციური რეფორმის აუცილებლობა და გენერალური მდივნის, გუტიერეშის ახალი ხედვის მხარდაჭერის საჭიროება, რომელიც ასახულია ჩვენ მიერ ახლახან ხელმოწერილ დეკლარაციაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ გზავნილები, რომლებსაც გაერო-ში გამოსვლისას აჟღერებს, მისი თანამემამულეებისთვის კარგად ნაცნობია.
“ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი თანამემამულეებისთვის, საამაყოა, რომ დღეს თქვენ წინაშე გამოსვლის პატივი მერგო. გზავნილი, რომლის გაჟღერებაც დღეს მე მომანდეს, მათ პირადად აქვთ განცდილი და შესისხლხორცებული.  ეს გზავნილი, მათი გზავნილი მარტივი და გულწრფელია. ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეა და ამით ჩვენ ვცდილობთ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებას და მშვიდობისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ესენია მდგრადი განვითარების არსებითი ელემენტები, რომლებიც გვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან რეგიონსა და მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები