თამარ ჩუგოშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა

„ვენეციის კომისიასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი გადავდგით და საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა“, – ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება.
„მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დაიწყო, ძალიან ბევრი კომპრომისი იქნა მმართველი გუნდის მხრიდან გაწეული, ძალიან ბევრი საკითხი იყო დათმობილი ოპოზიციისთვის. ვინაიდან მათგან გრძელდებოდა მოთხოვნები და ძალიან ბევრი საკითხი იყო დაყენებული, გადავდგით კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი ვენეციის კომისიასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ და ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა იმ პროექტში, რომელიც ახლა არის წარდგენილი. პირველი ცვლილება შეეხება ე.წ ბონუსის სისტემას, რომელსაც ძალიან ხმამაღლა აკრიტიკებდა ოპოზიცია და შესაბამისად, 2024 წლიდან ქვეყანა გადავა მთლიანად პროპორციულ არჩევნებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ოპოზიციის მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ბლოკების დაშვება. ბლოკების დაშვება 3%-იან ბარიერთან ერთად კომბინაციაში ერთჯერადად მოხდება 2020 წლის არჩევნებისთვის”,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, კონსტიტუცია რეგლამენტის მოთხოვნების სრული დაცვით შეიცვლება.„ვინაიდან პირველი და მეორე მოსმენის საკითხების შეცვლა რეგლამენტის მიხედვით ახლა შეუძლებელია ანუ მესამე მოსმენის სტადიაზე ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან შინაარსობრივ ცვლილებებს დოკუმენტში ვერ შევიტანთ, მივყვებით პროცედურებს და ინიცირებას გავუკეთებთ ახალ პროექტს, რომელშიც მხოლოდ ეს ორი საკითხი იქნება მოცემული”,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ იმას, რომ მმართველი გუნდი კვლავ რჩება კონსტრუქციულ რეჟიმში. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ოპოზიცია და პრეზიდენტი იყვნენ დესტრუქციულები.
„მთელი ამ პროცესის განმავლობაში ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად იყო დესტრუქციული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ იმას, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი დათმობების მერე, კიდევ გამოვხატეთ ასეთ დათმობებზე წასვლის სურვილი. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ პროცესში ვიყავით კონსტრუქციული, ოპოზიცია კი იყო დესტრუქციული”, -აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები