ეკა ბესელია: ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების თემას ”ნაცმოძრაობა” კახი კალაძის წინააღმდეგ იერიშის მისატანად იყენებს

”ნაციონალურმა მოძრაობამ” იცის რომ კახა კალაძე არის თბილისის მერობის ყველაზე ძლიერი, რეალური კანდიდატი და გადაწყვიტა იაფფასიანი მეთოდებით მიიტანოს შეტევა ჩვენს კანდიდატზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების თემის კომენტირებისას განაცხადა.
ბესელია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებებს იაფფასიან პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.
მისი განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვა პარლამენტის დღის წესრიგში რამდენჯერმე თავად ”ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნით გადაიდო.
”პირველ რიგში, ”ნაციონალურ მოძრაობას” შევახსენებ, რომ გადაიკითხონ პარლამენტის რეგლამენტი, სადაც აუცილებლად იპოვიან მუხლს, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როგორც წესი, პარლამენტის სხდომები არ ტარდება. ეს წესი ყოველთვის, ყველა არჩევნების წინ მოქმედებდა და ამ წესს პარლამენტი იცავდა. საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტმა შეიძლება რიგგარეშე სხდომები ჩაატაროს. რაც შეეხება უშუალოდ თემას, არსი მდგომარეობს იმაში, რომ კახი კალაძე ”ნაციონალური მოძრაობისთვის” არის ყველაზე დიდი სამიზნე – გასაგებია რატომაც, ის არის თბილისის მერობის ყველაზე ძლიერი და რეალური კანდიდატი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში.
”ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს იცის და გადაწყვიტა იაფფასიანი მეთოდებით მიიტანოს შეტევა ჩვენს კანდიდატზე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, კალაძე ”გაზპორმთან” დაკავშირებულ თემაზე განმარტებები გააკეთა და ყველა კითხვას გასცა პასუხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები