მთავარ პროკურატურაში გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დაესწრო. სახელმძღვანელო, რომელშიც გაწერილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარების პროცედურები და მეთოდოლოგია, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით პროკურორებისა და შს სამინისტროს გამომძიებლებისგან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, ევროპის კავშირის, ევროპის საბჭოს, გაეროს ბავშვთა ფონდის, სახალხო დამცველის ოფისის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროკურორებისა და შს სამინისტროს გამომძიებლებისგან შექმნილი სამუშაო ჯგუფი პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის ფუნქციების უკეთ გამიჯვნის, გამოძიების ხარისხის ამაღლებისა და პროცესის მონაწილეებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა.
გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში სამუშაო ჯგუფს საექსპერტო დახმარება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაუწია, ხოლო მისი დაბეჭდვა და გამოცემა ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დახმარებით გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, სახელმძღვანელოს შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა ევროკავშირის სისხლის სამართლის მხარდაჭერის პროექტის ექსპერტების მიერ მომზადებული მოსაზრებები და რეკომენდაციები.
სახელმძღვანელო აქტიურად დაინერგება გამომძიებლების გადამზადების სასწავლო მოდულებში, რადგან მასში პრაქტიკული ინსტრუქციებია მოცემული და მის საფუძველზე გადამზადებული გამომძიებლები უფრო ეფექტურად შეძლებენ ამა თუ იმ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარებას და პროცესში მონაწილეთა ინტერესების დაცვასა და გათვალისწინებას.
პრეზენტაციაზე, რომელიც ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა, მთავარმა პროკურორმა წიგნის ცამეტივე თანაავტორს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები