“ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარეობა საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია”
საქართველო, ისტორიაში პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის – „ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) თავმჯდომარე გახდა. მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, თავმჯდომარეობა ერთი წლით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან ოფიციალურად გადაიბარა. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 2011 წელს აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ინიციატივით დაფუძნდა, ინიციატივას მალევე შეუერთდა შვიდი სახელმწიფო, დღეს OGP – ს წევრია 75 ქვეყანა. რაც შეეხება მიზნებს, ორგანიზაციის ძირითადი მიზანებია ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა, საჯარო დაწესებულების გამჭვირვალობის გაუმჯობესება, მოქალაქეების სახელმწიფო სერვისების მიწოდება და სხვა…
რა გზა გაიარა საქართველომ ამ წარმატების მოპოვებამდე, რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა და რა ღონისძიებები იგეგმება საჯარო მმართველობის გამჭვირვალობისა და მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის კუთხით – ამ და სხვა საკითხებზე „კვირასთან“ „ღია მმართველობა საქართველოს“ ეროვნულ კოორდინატორი ქეთი ცანავა საუბრობს.
–რას ნიშნავს საქართველოსთვის „ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) წევრობა და თავმჯდომარეობა?
– ამ ორგანიზაციის წევრობა ერთგვარი პრესტიჟია და მთავრობების მხრიდან ეს არის მესიჯი, რომ დემოკრატია არის მათი მმართველობის ამოსავალი წერტილი. აღსანიშნავია, რომ საქართველო ორგანიზაციას 2011 წელსვე შეურთდა, ფაქტობრივად, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდა. 2014 წელს ჩვენ აგვირჩიეს ორგანიზაციის მმართველი კომიტეტის ერთ-ერთ წევრად, იუსტიციის სამინისტრო ეროვნულ დონეზე არის წამყვანი უწყება, სწორედ ჩვენ გვევალება პროცესის კოორდინირება. იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს საქართველოს მთავრობას მმართველ კომიტეტში და ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში სწორედ ის იქნება მთავარი ფიგურა, რომელიც ჩვენი მთავრობის მოსაზრებებს, გეგმებს გააჟღერებს საერთაშორისო დონეზე.
– ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ რა ძირითადი ღონისძიებები ჩატარდა ღია მმართველობის პრინციპების გაუმჯობესების კუთხით ჩვენს ქვეყანაში?
-როგორც უკვე აღვნიშნე, „ღია მმართველობა პარტნიორობის “ უმთავრესი პრინციპები,რომ მოქალაქეს კიდევ უფრო მეტი წვდომა ჰქონდეს საჯარო ინსტიტუტებთან, ეს ინსტიტუტები იყოს ღია და გამჭვირვალე, მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სერვისების მიწოდება იყოს ძალიან მარტივი. ამ მიმართულებებში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული შედეგები აჩვენა. ხაზგასასმელია რომ, პირველად ღია მმართველობის ისტორიაში მუნიციპალიტეტებიც შემოვიდნენ სამოქმედო გეგმაში, ისინი მუშაობენ,რომ ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მოქალაქეებმაც აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. ეს სწორედ საზოგადოების რჩევა და სურვილი იყო – მათაც სცოდნოდათ თუ რაში იხარჯება თანხები და რამდენად სწორადაა განსაზღვრული პრიორიტეტები. საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მიზანი სწორედ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფლიდან გაუსვლელად ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებაა, ეს პრინციპები კი პირდაპირ კავშირშია „ღია მმართველობა პარტნიორობის“ დებულებებთან.
– რამდენად მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს ორგანიზაციის წევრი ქვეყნის წარმომადგენლები?
– OGP -ის თავმჯდომარის სტატუსი საქართველოსთვის არ არის პირველი წარმატება, ჩვენი ქვეყნის ამ ორგანიზაციის წევრობის გზაზე – საქართველო ღია მმართველობის კუთხით გატარებული რეფორმებისთვის ორ, ძალიან მნიშვნელოვან ჯილდოს ფლობს, ერთი -ჯერ კიდევ 2013 წელს მივიღეთ, სამოქალაქო საზოგადოებამ დაგვასახელა, როგორც მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, როგორც იცით დღეს მთავრობის დადგენილებით საჯარო უწყებები პროაქტიულად აქვეყნებენ საჯარო ინფორმაციას და ეს სწორედ OGP -ს ფარგლებში გაკეთდა, მსოფლიოს მასშტაბით დავსახელდით შვიდ წარმატებულ ქვეყანას შორის ერთ-ერთად, 2015 წელს მექსიკის გლობალური სამიტის დროს საქართველოს გადასცეს ღია მმართველობის ჩემპიონის ჯილდო, როგორც მთავრობის და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს. მომავალი ერთი წლის განმავლობაში კი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა ვიქნებით.
– რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ჰპოვებს ეს მოვლენა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით?
– ეს წარმატება ცალსახად მიშვნელოვანია, მას, ფაქტობრივად, ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ღია მმართველობის პრინციპების დაცვა ნამდვილად წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს, ვინაიდან ღია მმართველობა დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას უკავშირდება. როდესაც 74 სახელმწიფო გენდობა იწონებს შენს მიერ გატარებულ რეფორმებს და გაბარებს ამ პოზიციას, რა თქმა უნდა ეს ჩვენს იმიჯზე ძალიან დადებითად აისახება და “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარეობა საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
– დამეთანხმებით, დიდ წარმატებასთან ერთად საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაცაა უხელმძღვანელო ორგანიზაციას, რომელიც 75 წევრისგან შედეგება. საქართველოს როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზეც მოუწევს მუშაობა, რამდენად არიან შესაბამისი უწყებები მზად ამ გამოწვევებისთვის?
– OGP -ს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ აქამდე განხორციელებული რეფორმებით უნდა დავკმაყოფილდეთ, არსებობს მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული სამოქმედო გეგმა, მასში გაწერილია კონკრეტული ვალდებულებები, რომლებიც ეხება საჯარო სერვისების დანერგვას, ბიუჯეტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართვას, ამ კუთხით კიდევ არაერთი ნაბიჯია გადასადგმელი და მუშაობა გრძელდება. ასევე მნიშვნელოვანია „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის“- ფარგლებში გაწეული ღონისძიებები – ეს არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც ერთი მაგიდის ირგვლივ აერთიანებს სახელმწიფო უწყებებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ფორუმი უზრუნველყოფს, რომ ეს შემადგენლობა ყოველთვის ერთად მუშაობდეს, ჩვენ სწორედ მათთან ერთობლივი მუშაობით შევიმუშავეთ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა. საქართველოს მთავრობას ცალკე შემუშავებული აქვს დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ოთხი ძირითადი მიმართულება, რა მიმართულებითაც საქართველო განსაკუთრებულ აქცენტს დასვამს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა. მერწმუნეთ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ხმა ისმოდეს საჯარო ინსტიტუტების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მარიამ ზედგინიძე