ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაფიქსირდეს ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრების შეფასებით, ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციაში საქართველოს აღსანიშნავი პროგრესი აქვს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა, კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებების არსი და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობა. ევროპარლამენტის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თაობაზე ქართული მხარის პოზიციით.
„ევროპარლამენტარები მიესალმებიან იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში შეინიშნება. ამ მხრივ აღსანიშნავია წლევანდელი განსაკუთრებული მოვლენა ვიზალიბერალიზაციის სახით, ასევე, ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ენერგეტიკულ სექტორში. დღევანდელი შეხვედრა, გარდა ამ საკითხებისა, შეეხო მიმდინარე რეფორმებს. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე და ასევე, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ევროპარლამენტარებმა დააყენეს, ეს იყო ქალთა უფრო აქტიური მონაწილეობის აუცილებლობა პოლიტიკურ პროცესებში”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ის პროგრესი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობისა და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით იქნა მიღწეული. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსთან ამჟამად მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირი-საქათველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ საჯად კარიმმა.
შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები