დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)” ცვლილება ნომერი ორი” განიხილა. როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკურიძემ განმარტა, რომ პროექტის „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფეტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა. გიორგი კაკაურიძემ კიდევ ერთი სარატიფიკაციო დოკუმენტი წარმოადგინა განსახილველად, „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების („მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება)” ცვლილება ნომერი ორი”. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები უმცირესობების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მზარდი ინტეგრაცია და ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დაცვა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორივე შეთანხმების რატიფიკაციის საკითხს. კომიტეტის სხდომაზე, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტის განხილვა, მომხსენებელთა არყოფნის გამო გადაიდო. კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრებით, იმის გამო, რომ კანონპროექტის მიმართ საზოგადოებას მაღალი ინტერესი აქვს და შესაბამისად, არსებობს შეკითხვები, ინიციატორები თვლიან, რომ პროექტზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და მათ ამისათვის დამატებითი დრო ესაჭიროებათ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულის განცხადებით, კომიტეტი მზად იყო პროექტი განეხილა და არსებულ ვერსიასთან დაკავშირებით, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია და შენიშვნებიც ჰქონდა. მისივე თქმით, დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროების შესახებ ინფორმაცია მისთვის დღეს გახდა ცნობილი და კომიტეტი დაელოდება ინიციატორებისგან კანონპროექტის შემდგომი განხილვის თაობაზე ინფორმაციას.
„ჩვენ დღეს მზად ვიყავით კანონპროექტის განსახილველად. არსებულ ვერსიასთან მიმართებაში ჩვენი კომიტეტის შენიშვნები ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. კონსულტაციები გავიარეთ როგორც ტელევიზიების წარმომადგენლებთან, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელთან. გვაქვს ჩვენი პოზიცია. მაგრამ თუ ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ დამატებითი კონსულტაციები მათ კვლავ ესაჭიროებათ, დაველოდოთ მათგან ინფორმაციას შემდგომი განხილვის თაობაზე”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები