გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, დაიწყო.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური დღეს დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას თემაზე – „გაერო-ს რეფორმები“, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში. საუბრისას, მათ ყურადღება გაამახვილეს გაერო-ს საქმიანობაზე და რეფორმებზე, რომლებიც ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე, შეხვედრას გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერთან.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, 19 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად ხდება 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით 21 სექტემბერს გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები