თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ გვჭირდება, რომ რეფორმა კონსენსუსის გზით იყოს მიღებული და ამას სრულად ვაცნობიერებთ

„ჩვენ თავიდანვე ძალიან დიდი მცდელობა გვქონდა იმისა, რომ მაქსიმალური კონსენსუსი შეგვეკრიბა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა ”ამერიკის ხმის” ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით,თვეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი მუშაობდა საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში, რომელშიც იყო წარმოდგენილი ყველა პარტია, ყველა რელევანტური არასამთავრობო ორგანიზაცია.
„პირველ რიგში, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ პროცესის მნიშვნელობას, ასე რომ, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური იყო გაკეთებული იმისთვის, რომ დოკუმენტზე საერთო შეთანხმება შემდგარიყო. თუ ჩვენ შევხედავთ მმართველი პარტიის პრაგმატული ინტერესებიდან, თუ რა აწყობს მმართველ პარტიას იმისთვის, რომ ზოგადად ძალაუფლება ჰქონდეს, შეიძლება აწყობდეს მხოლოდ ერთადერთი რამ: მოქმედი კონსტიტუციის დატოვება იმიტომ, რომ მოქმედი კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელიც წლების, ათწლეულების განმავლობაში ყველა პირველ ადგილზე გასულ პარტიას აძლევდა ძალიან დიდ დომინაციას პოლიტიკურ სივრცეში, აძლევდა საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ საკონსტიტუციო უმრავლესობების ბოროტად გამოყენებაც და ამ კონსტიტუციით იცვლება სწორედ ეს.სამწუხაროდ, 2020 წლიდან ვერა, მაგრამ 2024 წლიდან ჩვენ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რაც ნიშნავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხრივ ძალიან სერიოზულ წინ გადადგმულ ნაბიჯს.
ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიიციის წარმომადგენლობა პარლამენტში იქნება ბევრად უფრო მაღალი; რომ საქართველოს პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ძლიერი ინსტიტუცია; რომ ოპოზიციას ექნება სერიოზულად გაზრდილი მანდატი და ძალაუფლება. ეს ყველაფერი არის კიდევაც დადასტურებული ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელსაც ფაქტობრივად, არც ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაწილზე შენიშვნა არ ჰქონია. და თუ რაიმე შენიშვნა ჰქონდათ, ყველა არის გათვალისწინული მეორე მოსმენით მიღებულ დოკუმენტში. ჩვენ კომისიისთვის გადაგზავნილი ეს ტექსტიც, რომელზეც წინასწარ მოსაზრებას მივიღებთ 22 სექტემბერს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიმართება უკვე მესამე მოსმენით კენჭისყრა.დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის მოსაზრებები და მთელი რეფორმის ეს საბოლოო შეფასება კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ რეფორმის არსი და შინაარსი არის ცალსახად პოზიტიური და მხოლოდ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს“, -აცხადებს ჩუგოშვილი.
რაც შეეხება იმას, ოპოზიციას უნდა თუ არა რომ იყოს ამ ყველაფრის ნაწილი, ჩუგოშვილის თქმით, ეს მათი არჩევანია.
„ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს აქვს სხვადასხვა ინტერესი და სხვადასხვა საკითხია მათთვის მნიშვნელოვანი. საპირისპირო პრიორიტეტები აქვთ იმ პარტიებს, რომლებსაც საზოგადოების ძალიან დაბალი ან შედარებით მაღალი მხარდაჭერა აქვთ. ამიტომ ხშირად შეთანხმება უბრალოდ იმიტომ ვერ გამოდის, რომ ყველა აქტორის უკან კონკრეტული ინტერესები დგას და ამ ინტერესების შეჯერება და საერთო შედეგის გამოყვანა არის ძალიან რთული. მიუხედავად იმისა, რომ საერთო შეთანხმება დოკუმენტის მხარდაჭერის თაობაზე ქვეყანაში არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ობიექტურად კარგი ცვლილებები.მე არ მგონია, რომ რაიმე საჭიროება არსებობს ან სწორი არის უკან დაბრუნება ამ პროცესისა. არ მგონია, რომ ჩვენ მეორე მოსმენაზე დავაბრუნებთ ამ დოკუმენტს. მგონია, რომ მესამე მოსმენისთვის ეტაპისთვის რისი გათვალისწინებაც არის შესაძლებელი, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ყველაფერს. ვფიქრობ, რომ ამ თვის ბოლოს, 26 სექტემბერს ალბათ გვექნება საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა“, -განაცხადა ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური შეთანხმებების სივრცეს ამ ეტაპზე უკვე ვერ ხედავს.
„ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი დამატებითი მცდელობა, რომ რაღაც გარკვეული შეთანხმებისთვის სივრცე შეგვექმნა, მაგრამ მივიღეთ ულტიმატუმების ძალიან გრძელი ჩამონათვალი, რისი გათვალისწინების შემთხვევაშიც, ოპოზიცია დაჯდებოდა მაგიდასთან სალაპარაკოდ. ძალიან რთულია ასე მუშაობა. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ჩვენ გჭირდება ეს შეთანხმება, ოპოზიციას ეს არაფერში არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება, რომ რეფორმა კონსენსუსის გზით იყოს მიღებული და ჩვენ ამას სრულად ვაცნობიერებთ.მაგრამ, მიუხედავად ამისა, როდესაც მუდმივად ულტიმატუმების რეჟიმში მიდის საუბარი, ძალიან ძნელია პოლიტიკური შეთანხმებების მიღება. ასე რომ, მე ასეთი პოლიტიკური შეთანხმებების სივრცეს ამ ეტაპზე სამწუხაროდ უკვე ვერ ვხედავ“, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები